თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. თუ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს დაიცავთ, ორ კვირაში მკაცრი დიეტის გარეშეც მარტივად დაიკლებთ დაახლოებით 8 კილოგრამს, ირწმუნება დიეტოლოგი და თერაპევტი ოლგა ბურლაკოვა.
სპეციალისტი გახდომის მსურველებს პირველ რიგში წყლის საკამარისი რაოდენობით მიღებას ურჩევს. საქმე ისაა, რომ წყლის უკმარისობის შემთხვევაში ორგანიზმი დამატებითი ცხიმოვანი უჯრედების მომარაგებას იწყებს. ექიმის თქმით, სხეულის ერთ კგ წონაზე 30 მილილიტრი წყალი უნდა მოდიოდეს. ხოლო იმისათვის, რომ ის უკეთ აითვისოს ორგანიზმმა, კარგი იქნება, თუ ცოტაოდენ ლიმონის წვენს დაამატებთ და ოდნავ შეათბობთ. ამასთან, წყალი სასურველია დალიოთ მხოლოდ ჭამებს შორის შუალედებში ან უშუალოდ ჭამის წინ და არა მის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში სითხე კუჭის წვენს გააზავებს და ეს საჭმლის მომნელებელ პროცესზე ცუდად აისახება.
კიდევ ერთი რეკომენდაცია ისაა, რომ უარი უნდა თქვათ საფუარიან პურზე, ვინაიდან დღეს მწარმოებლები ხშირად იყენებენ არანატურალურ საფუარს, რაც უფრო მეტად ზრდის სხეულის წონას.
შესაზღუდი პროდუქტების ჩამონათვალში მოხვდა რძის ნაწარმიც, ვინაიდან ბურლაკოვას თმით, ასაკის მატებასთან ერთად მისი ათვისება უარესდება და ეს თირკმელებს ზედმეტად ტვირთავს. შესაბამისად, უჯრედშორის სითხეში სხვადასხვა მავნე ნივთიერებები გროვდება, რაც შეშუპებებს იწვევს. ძროხის რძე შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მცენარეული რძით, მაგალითად, ქოქოსის ან ნუშისა.
ამასთან აუცილებელია მოერიდოთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც რძის ფხვნილსა და საღებავებს შეიცავს.
იმისათვის, რომ წონაში მალე დაიკლოთ, საჭიროა შეწყვიტოთ ცხოველური ცილების, განსაკუთრებით ხორცის მიღება.
„მე არ მოგიწოდებთ ვეგეტერიანელობისკენ. უბრალოდ, ჩაანაცვლეთ სხვა სახის ხორცეული ქათმის ხორცით ან თევზით — მორიგეობით, და ასევე მცენარეული ცილებით, რომლებითაც მდიდარია ლობიო, წიწიბურა და ოსპი. ცხოველური ცილების რაოდენობის შემცირების შედეგად უმჯობესდება კუჭ–ნაწლავის მდგომარეობა და ასევე მონელების პროცესი, რასაც წონაში კლება მოსდევს“, — განმარტავს სპეციალისტი.
დიეტოლოგის თქმით, კარგი იქნება, თუ რაციონში ზეითუნის ზეთით შეზავებულ ბოსტნეულის სალათებს შეიტანთ. როგორც ის განმარტავს, ზეითუნის ზეთი ზედმეტ კილოგრამებს კი არ მატებს ორგანიზმს — როგორც ეს ბევრს ჰგონია, პირიქით, საკვები ნივთიერებების სრული სპექტრით ავსებს და სწორად მუშაობას აიძულებს მას.
- „თუ ყველა ამ წესს დაიცავთ, ორ კვირაში დაახლოებით 5–8 კილოგრამს დაიკლებთ“, — ამბობს ექიმი.
ფსიქოლოგი ნატალია მალიშევა კი გირჩევთ, იმისათვის, რომ მსგავსი შეზღუდვებისთვის მორალურად მოემზადოთ, კარგი იქნება, თუ მოძებნით ფოტოს, რომელზეც, თქვენი აზრით, იდეალური ფორმები გაქვთ, ვინაიდან არაფერი არ ძლევა ისეთ ძლიერ სტიმულს, როგორსაც მსგავსი ვიზუალიზაცია.