ცქიტიშვილი: გულწრფელად ვთხოვე ირაკლი ღარიბაშვილს, დავუბრუნდე ჩემს ოჯახს

© Sputnik / Asatur Yesayantsმაია ცქიტიშვილი
მაია ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
გამოწერა
მაია ცქიტიშვილი, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა, ასევე იყო  ვიცე-პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება.

თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“, იმ ხალხის გულშემატკივარი, რომელიც ასე გულწრფელად და კარგად აკეთებს საქმეს, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დასახელებულმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა.  „ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი მას შემდეგ წარადგინა, რაც  გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა დატოვა. გახარიას თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

მაია ცქიტიშვილი ერთადერთი მინისტრია, რომელიც მინისტრთა ახალ კაბინეტში აღარ იქნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პორტფელს მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ჩაიბარებს.

ცქიტიშვილის განცხადებით, მან თავად სთხოვა ღარიბაშვილს, საშუალება მიეცა, რომ აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორებოდა და ოჯახს დაბრუნებოდა.

„რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მისასალმებელი და საინტერესოა, რომ მე უკვე დავუბრუნდე ჩემს ოჯახს, დავუბრუნდე ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებას... ის 9-წლიანი პერიოდი ჩემი ცხოვრების, ძალიან საინტერესო და დატვირთული ამით დავასრულო. ვფიქრობ, ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთე სხვადასხვა პოზიციაზე“, - აღნიშნა მან.

ცქიტიშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, ასევე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სრულად იზიარებდა „ქართული ოცნების“ ფასეულობებს, სულისკვეთებას და კვლავ დარჩება ამ ფასეულობების ერთგული.

თამარ ჟვანია - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
თამარ ჟვანია თანამდებობას ტოვებს?

საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა საკანონმდებლო ორგანოს დღის ბოლომდე წარედგინება. სავარაუდოდ, მომდევნო კვირას პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს ნდობას გამოუცხადებს.

ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას პარლამენტის მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. თუ პრემიერის კანდიდატურა ხმების საჭირო რაოდენობას ორჯერ ვერ მოაგროვებს, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0