თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. ნიგერიის შტატ ნიგერში კაგარას დასახლებაში მდებარე სკოლა-პანსიონზე შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად გატაცებულია სულ მცირე 42 ადამიანი, მათ შორის 27 მოსწავლე, წერს გაზეთი Nation.
ცოტა ხნის წინ მასმედიაში გავრცელებული ცნობის თანახმად, სამშაბათი-ოთხშაბათის ღამით შეიარაღებული ადამიანები თავს დაესხნენ ნიგერიის შტატ ნიგერში მდებარე ინტერნატს და გაიტაცეს სკოლის მოსწავლეები. გატაცებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. PRNigeria-ს მონაცემებით, სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს შემოწმებისას დააკლდათ 280 მოსწავლე და რამდენიმე თანამშრომელი. France-Presse-ის წყაროს ცნობით, თავდაპირველად საუბარი იყო „ასობით გატაცებულზე“.
ნიგერიის პრეზიდენტმა მუჰამად ბუხარიმ ინციდენტის შემდეგ გატაცებულთა მოსაძებნად შტატში პოლიცია და ჯარი გაგზავნა. ამასთან, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ზოგიერთ რაიონში სკოლა-პანსიონების დახურვის ბრძანება გასცა.
ნიგერის გუბერნატორმა აბუბაქარ სანი-ბელომ მასმედიას აცნობა, რომ ბოევიკებმა მოიტაცეს 27 მოწაფე, სასწავლო დაწესებულების სამი თანამშრომელი და ოჯახის 12 წევრი. თავდასხმისას ერთი მოსწავლე დაიღუპა.
სკოლაში დაახლოებით 650 მოსწავლე იმყოფებოდა, აღნიშნავს გამოცემა.