თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მთავრობის იურისდიქციის ქვეშ გადადის, შესაბამისი ცვლილებები „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შედის.
მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, პარლამენტის მიერ კანონის მიღების შემდეგ უწყებათაშორისი საბჭოს ორგანიზაციულ უზრუნველყოფასა და საქმიანობის ადმინისტრირებას იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ნაცვლად, მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს.
საქართველოს მთავრობის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შედეგად გააქტიურდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და გაძლიერდება ანტიკორუფციული პოლიტიკა.
ცვლილების მიზეზად დასახელდა შეუსაბამობის აღმოფხვრა, როდესაც საბჭოს წესდებას ამტკიცებს და მის მიერ შესრულებულ სამუშაოს იბარებს მთავრობა, ხოლო საორგანიზაციო საკითხებს იუსტიციის სამინისტრო კურირებს.
კორუფციასთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ქვეყანაში არსებობს მკაცრი კანონმდებლობა საჯარო პირთა ანგარიშების გამჭვირვალობის, ასევე მექრთამეობის შესახებ.
დანაშაულის ოფიციალური სტატისტიკით, 2020 წელს მექრთამეობის 33 ფაქტი დაფიქსირდა, რაც 2019 წელთან შედარებით 47%-ით ნაკლებია.