2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში პირველია

გამოწერა
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსი სახელმწიფოებში კორუფციის დონის განმსაზღვრელი ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევაა.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველომ მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილი დაიკავა, მაშინ, როდესაც წინა მაჩვენებელი 44-ე ადგილი იყო, ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის" (Transparency International) კვლევის შედეგები

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
საქართველო მსოფლიოში პირველია ბიზნეს-ურთიერთობებში კორუფციისგან თავისუფლების კუთხით

კორუფციის აღქმის ინდექსს Transparency International გამოკითხვების საფუძველზე ადგენს, რომლებსაც ექსპერტთა შორის და საქმიან წრეებში ატარებს. მსოფლიოს ქვეყნები 0-დან 100 ქულამდე სკალის მიხედვით ლაგდება. კორუფციის აღქმის ყველაზე მაღალ დონეს 0 აღნიშნავს, 100 — ყველაზე ნაკლებს.

საქართველომ წელს 56 ქულა მიიღო და 45-ე ადგილი პოლონეთთან და სენტ-ლუსიასთან გაინაწილა. 

კვლევის თანახმად, საქართველოს მოწინავე პოზიციები უკავია რეგიონში და საუკეთესო მაჩვენებლები აქვს აღმოსავლეთ ევროპასა (ევროკავშირის ქვეყნების გარდა) და ცენტრალური აზიის რეგიონში – 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო მაჩვენებლებით უსწრებს ევროკავშირის 9 ქვეყანას.

2020 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე ყველაზე დაბალია დანიასა და ახალ ზელანდიაში (88 ქულა), ხოლო ყველაზე მაღალი – სომალიში და სამხრეთ სუდანში (12 ქულა).

ინდექსის ლიდერებს მასმედიის თავისუფლების, თანამდებობის პირთა კეთილსინდისიერებისა და საზოგადოებისთვის საბიუჯეტო სახსრების ამსახველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი დონე ახასიათებთ. 

ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო
41-ე ადგილიდან 44-ზე – საქართველოს პოზიციები კორუფციის ინდექსში გაუარესდა

ქვეყნებს, რომლებმაც ქულათა მცირე რაოდენობა მოიპოვეს, სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები და მასმედიის და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაბალი დონე ახასიათებთ.

„საქართველოს წარმატება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში იმ რეფორმების შედეგია, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. მათ შორისაა: საჯარო სამსახურის რეფორმა, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა, მამხილებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვებში გამჭვირვალობის გაზრდა, პროკურატურის რეფორმა, სასამართლოს რეფორმა, საინვესტიციო და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება და სხვ.“ – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორუფციასთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. გასულ წელს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით კანონმდებლებს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივით  მიმართეს.

კვლევა ეფუძნება Bertelsmann Foundation Transformation Index, Freedom House Nations in Transit, Global Insight Country Risk Ratings, World Economic Forum Executive Opinion Survey და ასევე World Justice Project Rule of Law Index-ის მონაცემებს.

ყველა ახალი ამბავი
0