გერმანიაში დასაქმების მსურველთა რეგისტრაციის პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliახალგაზრდა პარკში
ახალგაზრდა პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
მოქალაქეების დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების სპეციალურ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს, ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ბერლინი - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
რა შემთხვევაში დასაქმდებით ლეგალურად გერმანიაში? დეტალური ინფორმაცია

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გერმანიის შრომის ბაზარზე  ლეგალურად სამი თვით დასაქმდნენ. სეზონური სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება. დასაქმება შესაძლებელია სოფლის მეურნეობის სფეროში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მსურველმა პირებმა რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე workabroad.moh.gov.ge უნდა გაიარონ, რომელიც დღეიდან, 15 თებერვლიდან ამოქმედდა. თუმცა, სააგენტოს ცნობით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე და ვიზიტორთა დიდი რაოდენობის გამო, აღნიშნული პროცესი შეფერხებებით მიმდინარეობს.

„აღნიშნული ხარვეზი დღის განმავლობაში გამოსწორდება. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მოქალაქეებს ბოდიშს უხდის ვებ-გვერდის შეფერხებით მუშაობის გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს 18 წლიდან 60-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე; გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უნდა ჰქონდეს შენგენის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია; უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი; ჰქონდეს მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; არ უნდა ჰქონდეს არანაირი დარღვევა, რაც ქვეყანაში მის შესვლას ხელს შეუშლის; სავალდებულოა გერმანული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი. 

გერმანია - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
ტიკარაძე: გერმანიაში დროებითი დასაქმების პროგრამა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება

რაც შეეხება თავად სამუშაოს, საუბარია ერთიდან სამ თვემდე პერიოდში სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებაზე. სამუშაო პერიოდი კვირაში 5-6 დღეა, დრო კი 8–10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი ერთ საათში 9,5 ევროა, რომელსაც გამოაკლდება გადასახადების, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმებასთან დაკავშირებული მომსახურება, ისევე, როგორც რეგისტრაცია, უფასოა.

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“, რითიც საფუძველი ჩაეყარა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების პროექტს. თუმცა, აღნიშნული პროექტის განხორციელება მსოფლიოში არსებული პანდემიის ფონზე 2020 წლის პერიოდში ვერ მოხერხდა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყოს საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში რეგისტრაცია სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმების შესახებ. რეგისტრაცია 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0