რა შემთხვევაში დასაქმდებით ლეგალურად გერმანიაში? დეტალური ინფორმაცია

CC BY-SA 2.0 / Fred PO / Berlin Reichstagბერლინი
ბერლინი - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
გამოწერა
საუბარია მხოლოდ სეზონური დასაქმების პროგრამაზე სოფლის მეურნეობის სფეროში, რომელიც 1 აპრილიდან იწყება. დასაქმებისთვის საქართველოს მოქალაქეები გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ.

თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყება, ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეები დროებით ლეგალურად დასაქმებას სამი თვით შეძლებენ. სეზონური სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება. დასაქმება შესაძლებელია სოფლის მეურნეობის სფეროში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს 18 წლიდან 60-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე; გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უნდა ჰქონდეს შენგენის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია; უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი; ჰქონდეს მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; არ უნდა ჰქონდეს არანაირი დარღვევა, რაც ქვეყანაში მის შესვლას ხელს შეუშლის; სავალდებულოა გერმანული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი. 
გერმანია - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
ტიკარაძე: გერმანიაში დროებითი დასაქმების პროგრამა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება

გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მსურველმა პირებმა რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე უნდა გაიარონ.

რაც შეეხება თავად სამუშაოს, საუბარია ერთიდან სამ თვემდე პერიოდში სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებაზე. სამუშაო პერიოდი კვირაში 5-6 დღეა, დრო კი 8–10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი ერთ საათში 9,5 ევროა, რომელსაც გამოაკლდება გადასახადების, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები დაუკავშირდებიან დასაქმების მსურველებს. სერვის–ცენტრში მისვლისას სამუშაოს მაძიებელს თან უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა და/ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი.

კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების მსურველთა შესახებ მონაცემები მიეწოდება გერმანელ დამსაქმებელს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში დამსაქმებელი დაინტერესებულ პირს გამოუგზავნის შრომით ხელშეკრულებას, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდება გერმანიაში გამგზავრებამდე.

სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმებასთან დაკავშირებული მომსახურება, ისევე, როგორც რეგისტრაცია, უფასოა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს (BA) შორის შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“ 2020 წლის 17 იანვარს გაფორმდა.

აღნიშნული პროექტის განხორციელება მსოფლიოში არსებული პანდემიის ფონზე 2020 წლის პერიოდში ვერ მოხერხდა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყოს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0