თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის 1 იანვრისთვის 9 143 პატიმარი იყო.
„საქსტატის“ მონაცემებით, პატიმართა რიცხვი საქართველოს მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 0,25%-ს შეადგენს. პატიმართა საერთო რაოდენობიდან 8 810 მამაკაცია და 333 ქალი.
რაც შეეხება პატიმართა ასაკს, საქართველოს ციხეებში 18 წლამდე ასაკის სულ 56 მსჯავრდებულია, საიდანაც 16 წლამდე ასაკის სამი პირია.
რაც შეეხება სრულწლოვან პატიმრებს, ციხეებში ჭარბობენ 41-დან 49 წლამდე ასაკის მსჯავრდებულები (2011). მეორე ადგილზე არიან 31 წლიდან 35 წლამდე ასაკის პირები (1 497), მესამეზე - 36-40 წლის (1 495).
აგრეთვე, „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 70 წელს ზემოდ ასაკის 55 პატიმარია.
ამასთან, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში სასჯელს იხდის 571 უცხოელი, რომელთა უმრავლესობა თურქეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის მოქალაქეები არიან:
- თურქეთის მოქალაქეები – 155
- აზერბაიჯანის მოქალაქეები – 106
- რუსეთის მოქალაქეები – 86
- უკრაინის მოქალაქეები – 41
- სომხეთის მოქალაქეები – 28.
საქართველოში ფუნქციონირებს 13 ციხე, რომელიც სულ 11 656 პატიმარზეა გათვლილი. 2021 წლის იანვრის მონაცემებით, არცერთი მათგანი შევსებული არ არის. პატიმართა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა 2011 წელს - 24 114, ხოლო ყველაზე ნაკლები 2003 წელს - 6 119.