თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებული ნ.ტ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონამ, რომელთანაც 24 წლის მამაკაცმა სექსუალური კავშირი დაამყარა, 9 თებერვალს თავი მოიკლა. პოლიციამ ნ.ტ. მას შემდეგ დააკავა, რაც გოგონას თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ნ.ტ.-მ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი 2020 წლის ივნისსა და დეკემბერში მოტყუებით დაამყარა — დაპირდა, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, თუმცა კონტაქტი გაწყვიტა მასთან. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მის ცოლად შერთვას არ აპირებდა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში, (ორი ეპიზოდი)) და 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა). დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.