თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო ტესტირება კორონავირუსზე გრძელდება, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. მთავრობაში განმარტავენ, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ვადაზე ადრე შემსუბუქება ქვეყანაში კოვიდ-ინფექციის გავრცელების კლებამ გამოიწვია.
უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლის მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ს ყოველ ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო სისტემატური PCR ტესტირება ჩაუტარდება, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები ე. წ. სწრაფი ტესტით მოწმდებიან. ტესტირების პროცესი 11 თებერვალს დაიწყო.
ტესტირების პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.
სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლის ადმინისტრაცია სკოლაში დასაქმებულ ყველა პირს არეგისტრირებს ბმულზე https://labour.moh.gov.ge, ხოლო სამედიცინო ლაბორატორიების მიერ პერსონალის ტესტირების პროცესი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ჩართულობით მიმდინარეობს.
უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით, სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება. სკოლები უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალებით.
სკოლებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები განახლდა: რა შეიცვალა პროტოკოლში >>
უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი პირველ სემესტრშიც დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.