თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები სკოლაში პირბადის ტარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან, განაცხადა ბრიფინგზე განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ.
კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ სსსმ მოსწავლეს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება, უფლება აქვს სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს. ამისთვის მშობელმა სკოლას შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს.
განათლების სამინისტროს ახალი რეგულაციების თანახმად, V-XII კლასების მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულოა.
დგებუაძე 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლების თემას შეეხო და აღნიშნა, რომ იგი უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოში გაგრძელდება.
მისი თქმით, სამინისტრომ უკვე გაუგზავნა ყველა სკოლას განახლებული რეკომენდაციები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები კი სიახლეების შესახებ მშობლების ინფორმირებას უზრუნველყოფენ.
ამ დროისთვის როგორც კერძო ისე საჯარო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციის პერსონალის აქტიური ტესტირება ხორციელდება.
დგებუაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებები ყველა საჭირო რესურსითაა აღჭურვილი, დაცულია სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები. ამ მიმართულებით რესურს–ცენტრები სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებენ და ადგილზე ეცნობიან არსებულ ვითარებას.
განათლების სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს მშობლებს, რომ მათ ეძლევათ შესაძლებლობა – გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. აღნიშნული მიდგომა მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლებს ეხება. ამ არჩევანით სარგებლობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუძლიათ.
ამასთან, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკ-ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, სკოლის ადმინისტრაციაში განაცხადონ მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების სურვილის თაობაზე.
თუ სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდება, ამოქმედდება წერტილოვანი შეზღუდვები. ამ შემთხვევაში სკოლამ ჯანდაცვის ადგილობრივ ცენტრს უნდა მიმართოს, სადაც გადაწყვეტილებას მიიღებენ დისტანციურ სწავლებაზე მთელი სკოლა თუ კონკრეტული კლასი უნდა გადავიდეს.
დისტანციური სწავლების მსურველთა რეგისტრაცია ყოველ ოთხშაბათს ვებ-გვერდზე online.emis.ge მოხდება, მშობლებს ასევე შეუძლიათ განცხადებით სკოლის ადმინისტრაციას მიმართონ.