„პირველი მეფე მცხეთასა შინა“: მივიწყებული აზო არიან-ქართლელი

CC0 / Pixabay / ძველი წიგნი
ძველი წიგნი - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
გამოწერა
ფარნავაზის როლი ერთიანი ქართული სახელმწიფოს წარმოქმნაში განუზომლად დიდია. მაგრამ მას ჰყავდა წინამორბედი - აზო, რომელმაც ქვეყნის გაერთიანების იდეას პირველმა შეასხა ხორცი

საქართველოს ისტორიაში ბევრი ტრაგიკული ფიგურა ყოფილა, რომელიც უსამართლოდ შეირისხა. მათ შორისაა აზო — გაერთიანებული ქართული სამეფოს პირველი მეფე, რომელზეც ფარნავაზიანთა დინასტიის აპოლოგიამ ჩამოაყალიბა უკიდურესად ტენდენციური შეხედულება, და ეს დამოკიდებულება უცვლელად გადავიდა შემდგომი პერიოდის ქართულ საისტორიო მწერლობაში.

ქვიშის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2020
ამბავი უიღბლო ქართველი მეფისა: უსამართლოდ დავიწყებული ვახტანგ მესამე

ფარნავაზის როლი ერთიანი ქართული სახელმწიფოს წარმოქმნაში განუზომლად დიდია, მაგრამ მას ჰყავდა წინამორბედი. ქვეყნის გაერთიანებას პირველად აზომ შეასხა ხორცი, თუმცა ფარნავაზის გამარჯვებამ მისი დამსახურება დავიწყებას მისცა. დამარცხებული აზო ბრძოლის ველზე დაიღუპა, გამარჯვებულმა იდეოლოგიამ კი შეძლო მისი სახელისა და რეპუტაციის შელახვა — აზო ისტორიაში სამუდამოდ შევიდა როგორც „კაცი ძნელი და მესისხლე“, თუმცა რელურად ამ საშინელი თიკუნის მქონე მეფე ერთიანი ქართული სახელმწიფოს მესაძირკვლე და დიდი რეფორმატორი იყო.

აზომ, არიან-ქართლის მეფის ძემ, ისარგებლა ხელსაყრელი საერთაშორისო პოლიტიკური ვითარებით და ქვეყანა გააერთიანა საკუთარი სკიპტრის ქვეშ. ქართული წყაროები (ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“ და „მოქცევაი ქართლისაი“), მიუხედავად აზოსადმი ნეგატიური დამოკიდებულებისა, გვერდს ვერ უვლიან ამ ხელისუფლების დამსახურებებს.

კერძოდ:

ა) არ დასტურდება, რომ ალექსანდრე მაკედონელმა ილაშქრა საქართველოში, როგორც ეს ქართულ საისტორიო წყაროებში წერია. უფრო სწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ მაკედონელის სიკვდილის შემდეგ, ალექსანდრეს სახელით მისმა რომელიმე დიადოხოსმა დალაშქრა ქართლი (იბერია). სავარაუდოდ ეს დიადოხოსი იყო ლისიმახე (ძვ.წ. 361 -281 წწ), რომელმაც მცხეთაში გაამეფა არიან-ქართლელი აზო.

აზოს აქ დახვდა არა ერთიანი სამეფო, არამედ ტომობრივი გაერთიანებები, რომელსაც სათავეში ედგნენ მამასახლისები. მათ შორის დაწინაურებული იყო მცხეთის მამასახლისი — თანასწორთა შორის უპირატესი. ანუ მცხეთის მამასახლისი თავისი უფლებებით სხვა მამასახლისებზე აღმატებული კი არ იყო, უბრალოდ იყო პირველი თანასწორთა შორის — ომის დროს სარდალი, თორემ სხვა მამასახლისები ინარჩუნებდნენ შიდა ავტონომიას.

გლობუსი და საწერი მოწყობილობა სამუშაო მაგიდაზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2019
იბერიის დავიწყებული მეფე: „კაცი ძლიერი, დიდი და გოლიათი“

„ქართლის ცხოვრების“ თანახმად, აზომდე ქართველთა ლეგენდარული წინაპრის — ქართლოსის მემკვიდრენი თანასწორნი იყვნენ: „არავინ იყო მათ შორის უწარჩინებულეს და უსახელოვანეს, არამედ ადგილითი-ადგილად თავადნი იჩინიან. ხოლო ვინცა იყვის მცხეთას, რეცა თავადი იგი ყოველთა მათ სხუათა ზედა, და არცა სახელედებოდათ მეფედ, არცა ერისთავად, მამასახლისი ეწოდებოდათ, და იგი იყვის მაზავებელ და ბჭე სხუათა ქართლოსიანთა“.

აზომ ეს სისტემა მოშალა და ტომთა გაერთიანების ნაცვლად შექმნა მკაცრად ცენტრალიზებული სამეფო, სადაც მხოლოდ ერთი კაცი იყო ხელისუფალი, სხვა დანარჩენი — მისი ვასალები. როგორც მემატიანე წერს იგი იყო „პირველი მეფე მცხეთასა შინა“.

აზო იყო პირველი, ვინც ტომობრივი ტრადიციების ხელშეუხებლობას შეეხო და ძალის გამოყენებით დაამსხვრია ბელადების (მამასახლისების) საუკუნოვანი პრივილეგიები. წლების განმავლობაში იბრძოდა იგი მართვა-გამგეობის ახალი ფორმების დასამკვიდრებლად და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია.

მცხეთის სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, აზომ თავისი არჩევანი ამ ქალაქზე შეაჩერა და გაერთიანებული ქვეყნის სატახტოდ იგი აღიარა. მანამდე ცალკეულ ტომებს საკუთარი „დედაქალაქები“ ჰქონდათ, რომლებიც არ თმობდნენ ამბიციებს და მცხეთის ხელისუფალს  ნომინალურად ექვემდებარებოდნენ, როგორც რანგით თანაბარს. ეს ბარიერი აზომ გადალახა.

ბ) ქართული წყაროებით მტკიცდება, რომ აზოს ქართლში დახვდა გადამთიელი დამპყრობლები — ბუნთურქები. არიან–ქართლის მეფის (სავარაუდო სახელი იარედოსი) ძემ სარკინესთან დაამარცხა ბუნთურქები და გარეკა ისინი ქვეყნიდან. რა თქმა უნდა, დღეს ძნელია იმის გარკვევა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ეს ბუნთურქები, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ  ისინი გადამთიელი ველურები იყვნენ.

ხმალი ბრძოლის ველზე - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2017
იბერიის უძლეველი მეფე და რომის იმპერიის საპატიო „მტერი“ ფარსმან ქველი

როგორც მემატიანე  წერს: „ნათესავნი სასტიკნი ბუნ-თურქნი... მხეცნი და პირუტყუნი, რომელთა ქცევისა გამოთქმა უხმ არს... ნათესავნი სასტიკნი წარმართნი“.

გ) აზომ გაატარა რელიგიური რეფორმა. მან შემოიღო გაცისა და გას (გაიმი), მზისა და მთვარის კულტი, როგორც უზენაესი ღვთაება, რომელიც ყველა სხვა ღმერთზე მაღლა დააყენა:

„ამან აზონ დაუტევა რჯული ალექსანდრეს მოცემული, იწყო კერპმსახურებად, და შექმნნა ორნი კერპნი ვერცხლისანი: გაც და გაიმ“.

სხვა წყაროს ინფორმაციით, გაცი იყო ოქროს, ხოლო გაიმ ვერცხლის კერპი.

ამ კერპების ადგილსამყოფელი რამდენიმე იყო. სამწუხაროდ, მხოლოდ ორი მათგანია მეტნაკლებად ცნობილი: ერთი — მცხეთასთან ახლოს (არმაზის მთაზე), მეორე, სავარაუდოდ, დასავლეთ საქართველოში, ვანის სიახლოვეს, გადიდის მთაზე. ამის ირიბ დადასტურებას წარმოადგენს თავად ამ მთის სახელი — გადიდი, და ასევე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიღებული ინფორმაცია, რომ ვანის ნაქალაქარი იყო ქურუმთა, ანუ საკულტო ქალაქი, ერთგვარი რელიგიური ცენტრი.

იმ დროს ყველა ტომს, თემს, ხეობას თავიანთი ღმერთები ჰყავდათ და მათ ეთაყვანებოდნენ. გაცისა და გასადმი (გაიმი) თაყვანისცემა კი ყველასთვის სავალდებულო გახდა. რელიგიური რეფორმით აზო ცდილობდა, პირობით რომ ვთქვათ, ერის კონსოლიდაციას საერთო ღვთაებების გარშემო. მისი ყოველი ნაბიჯი და რეფორმა მიმართული იყო ქვეყნის ცენრტრალიზაციისაკენ.

აზოს მიერ გატარებულმა რელიგიურმა რეფორმამ საუკუნეებს გაუძლო და არსებობა შეწყვიტა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე.

ვიკინგების მუზარადი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2017
ევროპის მპყრობელ უძლეველ ვიკინგთა მარცხი საქართველოში და ბაღვაშის უცნაური სასჯელი

ჩნდება კითხვა, სად მდებარეობდა არიან-ქართლი, რომლის მეფის, იარედოსის ძეც გახლდათ აზო? ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, მაგრამ წაროთა შეჯერებით შეიძლება გარკვეული დასკვნების გამოტანა. სავარაუდოდ, არიან–ქართლი უნდა იყოს ქართლის ის ტერიტორია, რომელიც აქემენიდების იმპერიაში შედიოდა. ჰეროდოტეს ცნობით, სპარსეთში გატარებულმა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულმა რეფორმამ ქართველი ტომები და მათი უახლოესი მეზობლები გააერთიანა მეთვრამეტე და მეცხრამეტე სატრაპიაში. იგი წერს, რომ მატიენები, სასპერები და ალაროდიელები შედიოდნენ მეთვრამეტე სატრაპიაში. მესხები, ტიბარენები, მაკრონები, მოსინიკები და მარები — მეცხრამეტეში. სავარაუდოდ ამ მიწების საერთო სახელი უნდა ყოფილიყო არიან-ქართლი, ანუ სპარსეთის ქართლი, გამომდინარე იქიდან, რომ არიანში და არიელებში იგულისხმება სპარსეთი და სპარსელები.

თუმცა პოლიტიკური კატაკლიზმებმა (სპარსეთის იმპერიის განადგურებამ, ალექსანდრე მაკედონელის მოულოდნელმა სიკვდილმა და მის დიაოდოხოსებს შორის გაჩაღებულმა ომებმა) არიან-ქართლის მესვეურებს საშუალება მისცა, დამოუკიდებელი პოლიტიკა ეწარმოებინათ და გაეფართოვებინათ თავიანთი სამფლობელო (არიან-ქართლი იყო სპარსეთის შემადგენლობში შემავალ ქართულ მხარეთაგან ყველაზე დაწინაურებული. მისმა მმართველმა თავისი მაღლა დგომა ხელსაყრელი პირობების შექმნისთანვე ბონუსად აქცია და გააერთიანა სპარსეთის მეთვრამეტე-მეცხრამეტე სატრაპიებში შემავალი მიწები). ხოლო ერთ–ერთი დიადოხოსის, ლისიმახეს დახმარებით, აზომ დაიკავა მცხეთა, შეიერთა დასავლეთ საქართველო და ერთიანი სამეფოს ხელისუფალი გახდა.

როგორც ლეონტი მროველი წერს, მან თავის გავლენას დაუმორჩილა ქართლის საზღვრები ჰერეთიდან სპერის (შავ) ზღვამდე:

„ხოლო მან აზონ მოარღვივნა ზღუდენი ქალაქსა მცხეთას საფუძვლითურთ. და დაუტევნა ოთხნი იგი ციხენი, რომელნი მოსდგმიდეს პირსა ქართლისასა: თავადი ციხე დასასრუსლსა არმაზისა ცხვრისასა. და ერთ თავსა ზედა მცხეთასასა. მეოთხე ციხე, დასავლით, მცხეთა მტუარსა ზედა. და ესენი მომტკიცნა, და განავსნა იგინი ლაშქრითა. და ყოველთა ქართლისა ქალაქთა მოარღვივნა ზღუდენი და დაიპყრნა ყოველნი საზღვარნი ქართლისანი, ჰერეთითგან და ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა. და დაიპყრა ქართლსა ზედა ეგრისიცა.“

ეს არის ქართლისა და ეგრისის ერთ სახელმწიფოდ მოხსენიების პირველი შემთხვევა.

ერთი სიტყვით, აზომ, რომლის ხელშიც იყო სამხრეთ საქართველო (არიან-ქართლი), გარეშე ძალის დახმარებით დაიმორჩილა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველო და ერთიანი სამეფო შექმნა. უფრო მეტიც, აზოს დაპყრობითი პოლიტიკა, ლეონტი მროველისავე სიტყვებით, გასცდა საქართველოს საზღვრებს  და ჩრდილოეთ კავკასიასაც გადასწვდა: „მოხარკე ყვნა ოსნი, ლეკნი, და ხაზარნი“.

მხედარი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2018
ველური ჰუნები, ვახტანგ გორგასალი და ათასი რჩეული მეომრის შთამომავალი მოხევეები

აზო აქტიურად შეუდგა დამოუკიდებელ მმართველობას. პირველი ნაბიჯიდანვე ჩანს მისი ფართო გეგმები. „მოქცევაი ქართლისაი“ ჩვეული ლაკონურობით წერს: „ხოლო ესე აზოი წარვიდა არიან-ქართლად, მამისა თვისისა და წარმოიყვანა ათასი სახლი და ათნი სახლნი მამა-მზუძეთანი, და დაჯდა ძუელ მცხეთას“.

აქედან ნათლად ჩანს, რომ აზო თავის სამფლობელოში იმისთვის წავიდა, რომ მცხეთაში წაეყვანა ერთგულ ქვეშევრდომთა რაზმი, რომელზე დაყრდნობითაც გაუადვილდებოდა ახალ გარემოში ბატონობა. მართლაც, მან თითქმის 24 წელი იმეფა და მის ერთპიროვნულ ბატონობას წინააღმდეგობას ვერავინ უწევდა მანამ, სანამ პოლიტიკურ ასპარეზზე აზოს მიერ მოკლული მცხეთის მამასახლის, სამარას ძმისწული ფარნავაზი არ გამოჩნდა. მაშინ კი ყველაფერი დიამეტრალურად  შეცვალა.

ფარნავაზმა შესანიშნავად შეაფასა შექმნილი ვითარება და ზუსტად მისთვის ხელსაყრელ დროს დაიწყო მოქმედება. საქმე ისაა, რომ აზოს რეფორმებით ბევრი იყო უკმაყოფილო, პირველ რიგში კი მამასახლისები, რომლებიც ძალაუფლების დაკარგვას ვერ ურიგდებოდნენ. შორსმჭვრეტელმა ფარნავაზმა კარგად გამოიყენა დიდებულთა უკმაყოფილება და ამოქმედდა. მას ყველა თითქმის რეგიონმა (კლარჯეთის გარდა) დაუჭირა მხარი. 

ამას თან დაერთო შეცვლილი საგარეო ვითარება. დიადოხოსმა ლისიმახემ დიადოხოს ანტიოქესთან ჭიდილში პოზიციები დათმო. გაძლიერების გზაზე დამდგარი სელევკიდური სირიის მმართველმაც, რომელიც ვერ შეურიგდებოდა კავკასიაში ლისიმახეს მომხრე აზოს მმართველობას, სავარაუდოდ, ფსონი ფარნავაზზე დადო — მას გაუწია როგორც ფინანსური, ისე სამხედრო დახმარება და ხელისუფლებაში მოიყვანა.

თუმცა ეს ბრძოლის მხოლოდ მეორე  ეტაპი იყო. მანამდე კი აჯანყება მზადდებოდა, ოღონდ იმდენად ფარულად, რომ აზო მოუმზადებელი შეხვდა მას. აზოს მდგომარეობა დაამძიმა უახლოეს თანამებრძოლთა ღალატმაც:

„მაშინ ათასი მხედარი რჩეული ჰრომთა მათგანი, რომელთა ბოროტი წაჰკიდებოდა აზონისაგან, განუდგეს აზონს და მოვიდეს წინაშე ფარნავაზისა. მაშინ ყოველნი ქართველნი განუდგეს აზონს, ხოლო სპანი რომელ დარჩეს აზონს, ვერღარა მიენდო მათ, რამეთუ ყყოველთა ზედა ბოროტის საქმედ იყო. წარვიდა აზონ და მივიდა კლარჯეთს, და გამაგრდა იგი სიმაგრეთა შინა კლარჯეთისათა“.

ციხე-ქალაქ პეტრას ნაშთი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2018
ბრძოლა ფაზისთან, სპილოს მოტანილი გამარჯვება და ცოცხლად გატყავებული სპარსი სარდალი

ფარნავაზმა კი იმავე წელს დაიკავა მცხეთა და ყოველი ქართლი „თვინიერ კლარჯეთისა“.

აზო გადამწყვეტი ბრძოლისათვის მზადებას შეუდგა. მას უცხოეთიდან დახმარების დიდი იმედი ჰქონდა. მაგრამ ფარნავაზი უფრო შორსმჭვრეტელი აღმოჩნდა — მფარველად ანტიოქეს (სელევკიდების) უზარმაზარი იმპერია აირჩია.

აზოს უკანასკნელი ბრძოლის შესახებ ლეონტი მროველი წერს:

„ხოლო წელსა მეორესა აზონ მოითრნა სპანი საბერძნეთით, განძლიერდა ფრიად და მომართა ფარნავაზს. ხოლო ფარნავაზს განემრავლნეს მხედარნი ქართლისანი. მოუწოდა მათდა უხმო ქუჯის და ოვსთა. და შეკრბეს ესე ყოველნი, და მოერთნეს ერისთავნი ანტიოქოზსნი სომხითით. და ესე ყოველნი შეკრიბნა ფარნავაზ და მიეგება ნაქალაქევსა თანა არტანისასა, რომელსა ერქუა მაშინ ქაჯთა ქალაქი, რომელ არს ჰური. და ეწყვნეს მუნ, და იქმნა ბრძოლა დიდძალი. და მოსწყდეს ორგნითვე ურიცხვი. ხოლო იძლივნის ბერძენნი ფარნავაზისაგან. ივლტოდა ბანაკი მათი და მოკლეს აზონ, და ურიცხუნი სპანი მათნი მოსრნეს და ტყუე ქმნეს“.

აზოს სიკვდილით დამთავრდა ძველი საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპოქა. ფარნავაზმა ხელისუფლება ბრძოლით მოიპოვა, მაგრამ უბრძოლველად მიიღო აზოს ხანგრძლივი მოღვაწეობის შედეგები: მისი დამხობის შემდეგ, მამასახლის მუზარადის ნაცვლად, მეფის გვირგვინი დაიდგა და აზოს დატოვებულ ბალავერზე დააშენა მძლავრი სახელმწიფო.

თუმცა აზოს ღვაწლი ამ საქმეში დავიწყებას მიეცა, ყველაფერი მხოლოდ ფარნავაზს მიეწერა...

                                                            

ყველა ახალი ამბავი
0