თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს სიმპტომები შეიძლება მაშინვე არ გამოჩნდეს, ან სხვა დაავადებების ნიშნებში აგვერიოს, ნათქვამია ამერიკის ონკოლოგიის საზოგადოების საიტზე.
ექიმების თქმით, კოლორექტალური კიბოს ზოგი ნიშანი შეიძლება ემთხვეოდეს ისეთი დაავადებების სიმპტომებს, როგორებიცაა: ინფექცია, ჰემოროი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ან ნაწლავის ანთებითი დაავადება.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთი სიმპტომები სულაც არ მიუთითებს კოლორექტალურ კიბოზე, ამერიკელი სწავლულების რჩევით, თუ რომელიმე ამ პრობლემათაგანი გაწუხებთ, აუცილებელია ექიმთან გადამოწმდეს, სინამდვილეში რა დაავადებასთან გაქვთ საქმე.
საყურადღებო სიმპტომებია:
- ცვლილებები კუჭში გასვლის სიხშირესა და ხასიათში: დიარეა, შეკრულობა ან განავლის კონსისტენციის ცვლილებები, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება;
- შეგრძნება, რომ კუჭში გასვლა გსურთ, თუმცა ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ შეგრძნება არ ქრება;
- რექტალური სისხლდენა მკვეთრად წითელი სისხლით;
- სისხლიანი განავალი, რის გამოც ის შესაძლოა თითქმის შავი ფერის იყოს;
- სპაზმური ტკივილები ან მუცლის ტკივილები;
- სისუსტე და დაღლილობა;
- წონაში კლება უმიზეზოდ.
სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო ხშირად არ ავლენს სიმპტომებს მანამ, სანამ სიმსივნე არ გაიზრდება, ამიტომ გამოკვლევის ჩატარება რაიმე აშკარა ნიშნის გამოვლენამდე სჯობს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მკურნალობა ბევრად ადვილია და ეფექტური.
ყველაფერი გასტრიტის შესახებ: როგორ ამოვიცნოთ და ვუმკურნალოთ დაავადებას>>
დაავადების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია ბოსტნეულის, ხილისა და მთელმარცვლოვანი პროდუქტების რაციონში ჩართვა, მოწევაზე უარის თქმა, წონის კონტროლი, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და ასევე ალკოჰოლის შეზღუდვა.