თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე სამართალდამცველებმა ორი ადამიანი დააკავეს, იუწყება პირველი არხი.
ახალგაზრდული ორგანიზაციის „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტებმა პარლამენტის შენობიდან მმართველი პარტიის ოფისამდე მარშით გაიარეს.
აქციის მონაწილეებმა მიმდებარე ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკით წარწერაც გააკეთეს. როგორც მათ აღნიშნეს, ეს ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლება მოქალაქეების საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ცდილობს. ვითარება სწორედ იმ დროს დაიძაბა, როდესაც აქციის მონაწილეებმა წარწერების გაკეთება პარკინგის ტერიტორიაზე სცადეს, პოლიცია კი მათ ხელს უშლიდა. ადგილზე ორი პირი დააკვეს, ამ დროს ერთი მომიტინგე შეუძლოდ გახდა.
გავრცელებული ცნობით, აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" შენობის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისკენ მსვლელობას მართავენ. იქ ისინი გააპროტესტებენ როგორც თავისი თანამოაზრეების დაკავებას, ისე პოლიციის უმოქმედობას 14 წლის გოგონას საქმეზე, რომელმაც, წინასწარი ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის შემდეგ თავი მოიკლა.
პოლიცია ჩვენ დაგვდევს, სექსუალური მოძალადის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმეც არ იყო აღძრული. ჩვენ მივდივართ შსს-ს შენობასთან, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოვითხოვოთ, განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ტრაგედია ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. როგორც მედიამ გაარკვია, მოზარდზე განხორციელდა სექსუალური ძალადობა, პოლიციამ კი გამოძიება გააჭიანურა. მამაკაცი მოზარდის გარდაცვალებიდან მეორე დღეს დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.