თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. 6 თებერვალს ღამით თბილისში გამართული დაუმორჩილებლობის მარშის 19 მონაწილეს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.
ე.წ. დაუმორჩილებლობის აქცია თბილისში შაბათს, საღამოს 9 საათის შემდეგ გაიმართა, როდესაც ქალაქში ყოველგვარი გადაადგილება აკრძალულია და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 2 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმაა განსაზღვრული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის ფაქტზე, აქციის მონაწილე 51 პირის იდენტიფიცირება მოახდინა. აქედან 19-ს კარანტინისა და იზოლაციის წესების განმეორებით დარღვევისთვის სისხლის სამართლის სასჯელი ემუქრება.
სისხლის სამართლის სასჯელი ითვალისწინებს 6 თვიდან 2 წლამდე ვადით შინაპატიმრობას ანდა 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
იდენტიფიცირებულთაგან რვა პირი 2 000-2 000 ლარით უკვე დაჯარიმდა. მათ შორის არიან ოპოზიციური პარტიის წევრებიც. ე.წ კომენდანტის საათის დარღვევის გამო ოპოზიციური პარტიების - „ლელოს“ ხუთი და „გირჩის - მეტი თავისუფლებას“ ერთი წევრი 2 000-2 000 ლარით დაჯარიმდნენ.
ოპოზიციონერები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.
„ვაპირებთ, გავასაჩივროთ ეს ჯარიმა, მივყვეთ ამ საქმეს ბოლომდე, ვიდრე არ მივიღებთ იმ შედეგს, რომ კონსტიტუციური უფლებით გვქონდა უფლება, პოლიტიკურ მანიფესტაციაში მიგვეღო მონაწილეობა“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა.
ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადასცეს პარტია „გირჩის“ წევრ ნიკა მოსიაშვილს. თუმცა, როგორც მოსიაშვილი ამბობს, არ აპირებს ჯარიმის გადახდას და დაწესებულ შეზღუდვას შეგნებულად კიდევ ერთხელ დაარღვევს.
თბილისში დაახლოებით ასმა ახალგაზრდამ კომენდანტის საათის დროს თბილისის ქუჩებში დრამების თანხლებით და საჰაერო ბუშტებით ხელში მსვლელობა მოაწყო. შემდეგ მათ „დედაენის ბაღში“ გადაინაცვლეს და ჩაატარეს აქცია, რომელიც ხმაურის ფონზე გაიმართა.
ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილება 2020 წლის 28 ნოემბრიდან აკრძალულია.
საქართველოში დაწესებული კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად იმისა, რომ 1 თებერვლიდან მათი ნაწილი გაუქმდა, ხოლო ორშაბათს შემსუბუქების მორიგი ეტაპი დაიწყო.