„აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ აარონ ბენ–ზეევის მოსაზრებებს.
ადამიანების 90 პროცენტი მიიჩნევს, რომ ბედნიერი ოჯახი სიყვარულის საფუძველზე იქმნება. მაგრამ არის განსხვავებული მოსაზრებაც. ფილოსოფიის პროფესორი, ჰაიფას უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი აარონ ბენ–ზეევი ძალზე აქტუალურ საკითხს აყენებს: არის თუ არა სიყვარული მართლაც მნიშვნელოვანი ქორწინებისთვის, თუ მისი მნიშვნელობა გადაჭარბებულია?
იდეა, რომ ნებისმიერი ქორწინების საფუძველი მგზნებარე სიყვარულია, პოპულარული ორასიოდე წლის წინ გახდა. კულტურათა უმრავლესობა მიესალმებოდა სიყვარულს ქორწინებაში, მაგრამ ამ გრძნობას ოჯახის შექმნის მთავარ მიზეზად არ მიიჩნევდა. სიყვარული ერთგვარ ბონუსს წარმოადგენდა.
ახლა ქორწინება მეორად მოვლენად მიიჩნევა, რადგან ურთიერთობები მხოლოდ სიყვარულის საფუძველზე უნდა განვითარდეს. სიყვარულის იდეალის გაჩენასთან ერთად იმატა განქორწინებების, უცოლოების, გაუთხოვრების, მარტოხელა დედების რაოდენობამ.
ბენ–ზეევის აზრით, სიყვარულმა გაიმარჯვა ქორწინებაზე, მაგრამ დღეს მან, შესაძლოა, ის შიგნიდან დაანგრიოს.
დაქორწინების სურვილმა ქორწინების ფასი გაზარდა, ასეთი კავშირი დღეს მარტოხელა ადამიანების მთავარი პრიორიტეტი გახდა. ამასთან, ახალმა იდეალმა ქორწინების ინსტიტუტი, პრაქტიკულად, გაანადგურა.
- დგება კითხვა: ღირს თუ არა განქორწინება, თუ გრძნობები ჩაიფერფლა, ხოლო ქორწინება რუტინა გახდა?
ამ საკითხში გასარკვევად აარონ ბენ–ზეევს ორი არგუმენტი მოჰყავს:
1. ქორწინება ნებისმიერი საზოგადოების საფუძველია; ის, სიყვარულის გარდა, სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებსაც მოიცავს. ქორწინება არსებობს გარკვეულ სოციალურ–ეკონომიკურ პირობებში, ის გავლენას ახდენს წყვილის კეთილდღეობაზე არა იმაზე ნაკლებად, ვიდრე სიყვარულის არსებობა.
2. მგზნებარე სიყვარული მარადიული არ არის. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, თუ რა რჩება მის შემდეგ. ვნება – ეს ხანმოკლე აფეთქებაა, ქორწინება – ხანგრძლივი თანამშრომლობა, რუტინა, სტაბილურობა. ეს ორი ცნება ერთმანეთს გამორიცხავს.
ამგვარად, მოსაზრება, რომ ქორწინება მხოლოდ სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს, იწვევს იმედგაცრუებასა და განქორწინებას.
- დაქორწინების წინ ადამიანმა მრავალი კითხვა უნდა დაუსვას საკუთარ თავს: ერთ–ერთია, მაგალითად, ასეთი: „იქნება კი პარტნიორი კარგი ქმარი/ცოლი/მამა/დედა?“
მთელი ისტორიის განმავლობაში ქორწინებას განიხილავდნენ, როგორც ერთგვარ „გარიგებას“. მას უნდა გაეუმჯობესებინა ორივე ოჯახის ცხოვრება, ან, უკიდურეს შემთხვევაში, არ ევნო ახალდაქორწინებულებისთვის. ამიტომ, კონკიას მაგალითი გამონაკლისია და არა – წესი.
სიყვარული ბრმააო, ამბობენ. იმასაც ამბობენ, „ვინც სიყვარულით ქორწინდება, აქვს კარგი ღამეები და ცუდი დღეები“. განმანათლებლობის ეპოქაში მიიჩნეოდა, რომ სიყვარული ნელ–ნელა უნდა ჩაისახოს, გაიზარდოს აღფრთოვანებიდან და პატივისცემიდან გამომდინარე.
სიყვარულის იდეალი დასავლურ საზოგადოებაში ჩაისახა. ამას ხელი შეუწყო ქვეყნების ცხოვრების დონის ამაღლებამ. მატერიალურ მხარეზე შფოთვამ მეორე პლანზე გადაიწია, ხოლო პირველზე სიყვარული აღმოჩნდა.
თანამედროვე საზოგადოებაში ასევე არავის შეუცვლია სოციალურ–ეკონომიკური ფაქტორები, ისინი კვლავ გარკვეულ გავლენას ახდენს ადამიანების გადაწყვეტილებაზე ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით.
დღევანდელობაში კლასიკური ქორწინება გარიგებით საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. ოჯახი, ძირითადად, სიყვარულით იქმნება.
დიახ, სიყვარულს ჩვენს ცხოვრებაში ცენტრალური ადგილი უკავია, ის ძირითადი მოტივია, რომ გადავწყვიტოთ ხანგრძლივი ურთიერთობები, ოჯახის შექმნა.
მაგრამ, მაინც, აარონ ბენ–ზეევის აზრით, უნდა განვასხვავოთ ვნებიანი, მგზნებარე და ღრმა სიყვარული. თუ სექსუალური სურვილის „აფეთქებები“ ხანმოკლე პერიოდში გრძელდება, ოჯახურ ურთიერთობებში ქალისა და მამაკაცის ურთიერთსიყვარული მუდმივად რეზონირებს, მტკიცდება საერთო შთაბეჭდილებებით, მოგონებებითა და განცდებით.
ბევრ ქორწინებას საფუძვლად უდევს წამიერად გაჩენილი კაშკაშა, ცეცხლოვანი სიყვარული, მაგრამ, ამასთან, იგნორირებულია სხვა მომენტები, მაგალითად, ერთ–ერთი პარტნიორის ინტელექტი, ფეთქებადი ხასიათი და სხვა.
მოკლევადიან პერსპექტივაში ასეთი ქორწინება შეიძლება ძალზე თვალსაჩინო რომანტიკული თავგადასავალი გახდეს. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ვნება ჩაცხრება, იმედგაცრუება დგება. ამას ხშირად მოსდევს ურთიერთობების გამორკვევა, ურთიერთსაყვედურები და პრეტენზიები.
აქედან დასკვნა, რომ ქორწინება მეტად წარმატებული და ხანგრძლივი იქნება, თუ გრძნობები და გონება ერთმანეთს კი არ ანაცვლებს, არამედ ავსებს. წარმატებული ქორწინება ესაა, როდესაც მრავალჯერ გიყვარდებათ ერთი და იგივე ადამიანი.
P.S. რას ფიქრობდა ქართველი კაცი უწინ, რას ფიქრობს ახლა, ცალკე მსჯელობის თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოშიც მოხშირდა განქორწინებები, მრავლად არიან მარტოხელა დედები, მეორედ, მესამედ და ასე შემდეგ დაქორწინებულები.
საქართველოშიც ოდითგან მოქმედებდა „მაჭანკლობის“ ინსტიტუტი, ოჯახის შექმნისთვის ითვალისწინებდნენ მრავალ ფაქტორს და, როგორც წესი, ქორწინება კარგად გათვლილ გარიგებას მოსდევდა. მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ ქართველი სიყვარულს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებდა, არ უმღეროდა თავის სატრფოს, ან პოეტურ შედევრებს არ ქმნიდა...
ერთი რამ ცხადია, რომ ქართველს ოჯახი თავის სამშობლოსთან, ერთან ჰქონდა გაიგივებული და ესმოდა, რომ ოჯახი, მისი დაცვა, ტრადიციები სწორედ ერისა და მისი ტრადიციების დაცვის ტოლფასი იყო. აქ დგება უფლებებისა და მოვალეობების საკითხი.
ზოგადად, აღმოსავლური და დასავლური კულტურები ადამიანის უფლებებისა და მოვალეობების კუთხით განსხვავებულად მსჯელობენ. უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებას უკავშირდება წარმატებული ქორწინებაც. ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ ამონარიდს ქართველი ფსიქოლოგის, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, შოთა ნადირაშვილის (1926–2011) მოსაზრებიდან:
„დღეისათვის დასავლეთის ქვეყნების დიდი ყურადღება ადამიანთა უფლებების დაცვას ექცევა. ეს ორიენტაცია ამერიკიდან მოდის. აშშ, როგორც სახელმწიფო, სხვადასხვა ქვეყნებიდან გაქცეულმა ადამიანებმა შექმნეს... მათ შეიმუშავეს სოციალური ურთიერთობის ახალი წესები, რომლის მიხედვით საზოგადოებაში ადამიანთა ძირითად საქმიანობად თავის დაცვა ითვლებოდა... მათთვის ეროვნულ და საზოგადოებრივ მოთხოვნებს ნაკლები ყურადღება ექცეოდა, რასაც სხვა ქვეყნებში ადამიანები მოვალეობის სახით განიცდიან. თავისუფლებისათვის ბრძოლა მათთან ადამიანთა უფლებების გაზრდასა და მოვალეობათა შემცირებაში გამოიხატა...
საქართველოში ადამიანის მოვალეობის განცდას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ქართული კულტურა ადამიანის უფლებათა და მოვალეობათა გარკვეული დოზით გაწონასწორების საფუძველზეა აღმოცენებული. გამოკვლევებმა უჩვენა, რომ ქართველი კაცი როგორც ინდივიდუალიზმის, ისე კოლექტივიზმის მაღალ მაჩვენებლებს იძლევა. იგი თავის უფლებებთან ერთად ერისა და საზოგადოების მიმართ ვალდებულებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ადრე გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ ინდივიდუალიზმი და კოლექტივიზმი ურთიერთის გამომრიცხავი თვისებები არ აღმოჩნდა“.
აქედან გამომდინარე, ოჯახს, შექმნილს გარიგებითა თუ სიყვარულით, შეუძლია დიდხანს არსებობა, თუ მის ფუნდამენტს უფლებებისა და მოვალეობების, სამშობლოს განცდის, მომავლის წინაშე ვალდებულებების გააზრება უდევს საფუძვლად. გარიგება სიყვარულს არ გამორიცხავს.
მათ შეეძლოთ განეცადათ სიყვარული, რომელიც შესაძლოა არ ჰქონოდათ ქორწინებაში...>>
და ერთიც – საქართველოში (და არა მხოლოდ) კარგად ესმოდათ და ანსხვავებდნენ ვნებასა და სიყვარულს, წამიერ ხორციელ გატაცებასა და მყარ, მტკიცე გრძნობას... დღეს ეს, სიყვარულის, საკუთარი უფლებების წინ წამოწევის ფონზე, დაიჩრდილა და ოჯახის, როგორც ქვეყნის, ერის საძირკვლის ფენომენი, სამწუხაროდ, უკანა პლანზე გადავიდა...