თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. კატარის ავიაკომპანია Qatar Airways 15 თებერვლიდან დოჰა–თბილისი–დოჰას მიმართულებით ავიარეისებს ყოველდღიურად შეასრულებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
საქართველოს მთავრობამ 1 თებერვლიდან რეგულარული ავიამიმოსვლის ყველა მიმართულებით განახლების გადაწყვეტილება მიიღო.
„მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მგზავრობის დაგეგმვის დროს სიფრთხილე გამოიჩინონ, ყურადღებით გაეცნონ კონკრეტული ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარიულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს", – ნათქვამია განცხადებაში.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Qatar Airways-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 2021 წლის 3 თებერვალს მისცა. Qatar Airways საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა.
საქართველომ რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ზაფხულში რეგულარული რეისების აღდგენა დაიწყო. მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საავიაციო მიმოსვლის განახლება რამდენჯერმე გადაიდო.