თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი, ეს არის „ურბანული გენოციდის“ მაგალითი, განაცხადა თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
თბილისის გარეუბანში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო – ვიდეო>>
როგორც კალაძემ აღნიშნა, მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის განსაზღვრული გზების განვითარება და უგულებელყოფილია რეკრეაციული სივრცეები.
„მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნებართვის გამცემები და მიმღებები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ და მაღალ კორპუსს ჩადგამდა ამ ტერიტორიაზე“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, როგორც თბილისის მერმა განაცხადა, უახლოეს დღეებში მოხდება ტყვარჩელის ქუჩის N5-ში (სპორტის სასახლის მიმდებარედ) მდებარე ბარაკული ტიპის სახლების დემონტაჟი, სადაც კორპუსის აშენების ნაცვლად სკვერი მოეწყობა.
აღნიშნულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა განახორციელებს.