თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველომ დონაციის სახით COVID-19-ით ვაქცინაციისთვის 50 ათასი ცალი 0,3 მლ დოზირებული მოცულობის შპრიცი მიიღო, ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველო ვაქცინაციისთვის მზად არის – ეკატერინე ტიკარაძე>>
საქართველომ COVAX–პლატფორმისგან უკვე მიიღო დასტური, რომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი, ლიმიტირებული პარტია თებერვლის მეორე ნახევარში 29 250 დოზის ოდენობით შემოვა. ვაქცინაცია ორჯერადად კეთდება, ამიტომ ის საკმარისი იქნება 14 ათასი ადამიანისთვის. პირველ რიგში მოხდება ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია.
უწყების ცნობით, ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო აცრების ჩასატარებლად განკუთვნილი სპეციალური სახეობის შპრიცების შესყიდვის მიზნით საქართველოს მხარემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ მწარმოებელ კომპანიებთან იმუშავა, მათ შორის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდურ კომპანიასთან - Hindustan Syringes & Medical Devices Ltd.
როგორც სამინისტრო აღნიშნავს, მიუხედავად დიდი მოთხოვნისა და შექმნილი დეფიციტისა, საქართველოს მხარის აქტიური ჩართულობით კომპანია Hindustan Syringes & Medical Devices Ltd მზადყოფნას გამოთქვამს სამომავლო თანამშრომლობაზეც.
გამყრელიძე: შერჩეულია14 ათასამდე პირი, ვინც პირველ რიგში აიცრება>>
საქართველოს მთავრობის მიერ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.
ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.