საქართველო ვაქცინაციისთვის მზად არის – ეკატერინე ტიკარაძე

© photo: Sputnik / Sergey Pivovarov / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია ქვეყანაში თებერვლის ბოლოს შემოვა. პირველად აიცრებიან ექიმები და სხვა მედპერსონალი, რომლებიც ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ.

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik.  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ეწვია და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შენახვის პირობებს გაეცნო.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ კლინიკები ვაქცინაციის ჩასატარებლად >>

ტიკარაძის თქმით, თბილისის ინფექციური საავადმყოფო უკვე მზად არის ვაქცინაციის პროცესის დასაწყებად. გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინის მისაღებად საჭიროა სპეციალური პირობები და ე.წ. ულტრაცივი ჯაჭვი, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან ის კლინიკები, რომლებსაც ამისათვის შესაბამისი რესურსი აქვთ.

სამედიცინო დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ ნებართვა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევაზე, იმუნიზაციის გამოცდილება და მინიმუმ სამი ბრიგადის მობილიზების საშუალება, იზოლირებული შესასვლელი და მოსაცდელი სივრცე ვაქცინაციის შემდგომი პერიოდისთვის. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის დასაწყებად თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ათი სამედიცინო დაწესებულება და ხუთი სარეზერვო კლინიკა შეარჩია.

„საქართველო მზად არის ვაქცინაციისთვის. ჯანდაცვის სამინისტრომ აწარმოა წარმატებული მოლაპარაკებები, რის შედეგადაც თებერვლის ბოლოს საქართველოში ვაქცინების პირველი ნაკადი შემოვა და პირველ რიგში, ექიმები აიცრებიან“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
როგორ ჩატარდება საქართველოში ექიმების ვაქცინაცია: ახალი დეტალები

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყველაფერი მზად არის Pfizer-ის ვაქცინის მისაღებად. ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი იყოს გათვალისწინებული, რათა ეს პროცესი უსაფრთხოდ ჩატარდეს ექიმებისთვის, შემდგომში კი დანარჩენი მოქალაქეებისთვის.

მან ასევე განაცხადა, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ყველა კლინიკის დეტალური შესწავლა დაიწყო.

გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

ტიკარაძემ აღნიშნა, რომ სარეგისტრაციო ბაზა მზად არის და მასში იქნება შეტანილი ყველა ის პირი, ვინც აიცრება. თითოეული ადამიანის პირადი ინფორმაცია დაცული იქნება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მას დასჭირდება იმუნიზაციის შესახებ ცნობა სამსახურში წარსადგენად ან მოგზაურობისთვის, ის ამ დოკუმენტს მიიღებს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, კლინიკას აქვს ორი ულტრათანამედროვე მაცივარი, რომლებიც ვაქცინის -80 გრადუს ტემპერატურაზე შენახვის შესაძლებლობას იძლევა.

„ჩვენთან საკმარისი რაოდენობაა ამ მაცივრების, ლუგარის ცენტრს აქვს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში და ჩვენს საავადმყოფოსაც“, - განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველომ COVAX პლატფორმისგან უკვე მიიღო დასტური, რომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია თებერვლის მეორე ნახევარში 29 250 დოზის ოდენობით შემოვა. ვაქცინაცია ორჯერადად კეთდება, ამიტომ ის საკმარისი იქნება 14 ათასი ადამიანისთვის. პირველ რიგში მოხდება ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
როდის დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს – ამირან გამყრელიძის განმარტება

საქართველოში 75 ათასი სამედიცინო მუშაკია. პირველად აიცრებიან ის ექიმები და სამედიცინო პერსონალი, რომლებიც პრიორიტეტულ ჯგუფებს განეკუთვნებიან და ინფიცირებულებთან უშუალო კონტაქტი აქვთ.

საქართველოში ვაქცინაციას დაახლოებით 40 ბრიგადა ჩაატარებს. თითოეული ბრიგადა შედგება 3 ადამიანისგან - ამცრელი, ექიმი, ვინც ეკითხება პიროვნებას სპეციალურად შემუშავებული კითხვარით და ასევე რეგისტრატორი, ვისაც იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში შეაქვს პიროვნების მონაცემები. თითოეული ბრიგადისთვის გათვლილია, რომ უნდა აიცრას 40-42 ადამიანი.

მედმუშაკების შემდეგ, ვაქცინაციის მომდევნო ეტაპზე აიცრებიან ხანდაზმულთა სახლების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი და შემდეგ უკვე ასაკობრივი გრადაციაა - 75 წელს ზემოთ, 65 წელს ზემოთ მოსახლეობა, შემდეგ 55 წელს ზემოთ მოსახლეობა და ა.შ.

დაავადებათა ცენტრის ოფიციალური სტატისტიკით, კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით საქართველოში 2020 წელს 62 მედმუშაკი გარდაიცვალა  - ინფიცირებული მედიკოსების 0,4%. მთლიანობაში მედპერსონალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის 6%-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0