როგორ ჩატარდება საქართველოში ექიმების ვაქცინაცია: ახალი დეტალები

© AFP 2024 / BULENT KILICვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
გამოწერა
პირველ ეტაპზე კორონავირუსზე 14 000 მედიცინის მუშაკს აცრიან. ვაქცინაციისთვის სამედიცინო პერსონალის მონაცემების შეგროვება უკვე დაწყებულია.

თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შერჩეულია 10 საავადმყოფო, სადაც 40 ბრიგადის მიერ ვაქცინაცია განხორციელდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომის შემდეგ, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

„თითოეული ბრიგადა შედგება 3 ადამიანისგან - ამცრელი, ექიმი, ვინც ეკითხება პიროვნებას სპეციალურად შემუშავებული კითხვარით და ასევე რეგისტრატორი, ვისაც იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში შეაქვს პიროვნების მონაცემები. თითოეული ბრიგადისთვის გათვლილია, რომ უნდა აიცრას 40-42 ადამიანი. შესაბამისად, დღის განმავლობაში, ვფიქრობთ, რომ აიცრება 1 000-მდე ადამიანი ამ 40 ბრიგადის მიერ და ამ 14 000 ადამიანის აცრას, დაახლოებით ვანგარიშობთ, დასჭირდება 2 კვირა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

აქციის მონაწილეები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
თბილისს ვაკვირდებით: კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის დინამიკა ქვეყანაში

მისი თქმით, აცრილ ადამიანებს ვაქცინის მეორე დოზის გასაკეთებლად 3 კვირის შემდეგ დაიბარებენ. ისინი შეტყობინებას მობილურ ტელეფონებზე მიიღებენ.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები საქართველოში უკვე თებერვალში დაიწყება. პირველ რიგში სამედიცინო პერსონალის აცრა მოხდება, შემდეგ ამას უკვე მოჰყვება მოხუცთა სახლების ბინადრები და მათი  მომვლელი პერსონალი და შემდეგ უკვე ასაკობრივი გრადაციაა - 75 წელს ზემოთ, 65 წელს ზემოთ მოსახლეობა, შემდეგ 55 წელს ზემოთ მოსახლეობა და ა.შ.“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს ვაქცინაციის გეგმასთან და ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთანაც გაიმართა.

გამყრელიძის თქმით, საქართველომ მიიღო დასტური COVAX  პლატფორმიდან, რომ თებერვლის მეორე ნახევარში მიიღებს Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველ პარტიას. ეს იქნება 29 250 დოზა. იქიდან გამომდინარე, რომ ის ორჯერ კეთდება, ეს რაოდენობა დაახლოებით 14 000 ადამიანს ეყოფა. იმუნიზაციის გეგმის მიხედვით პირველ ეტაპზე  მედიცინის მუშაკები უნდა აიცრას.

„საქართველოში მთლიანად 75 000 მედიცინის მუშაკი მუშაობს, აქედან ჩვენს გეგმაში სამიზნე გახლავთ 49 000 – 60%. უკვე დაწყებულია მათი მონაცემების შეკრება. დღეს დილით 27 000 მონაცემი იყო სპეციალურ პორტალზე ატვირთული სამედიცინო დაწესებულებების მიერ, რომლებიც მიცემული ინსტრუქციის მიხედვით თვითონ გამოყოფენ პრიორიტეტებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

პსრ-ტესტირება - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
საქართველოს ციხეებში COVID-19-ზე ტესტირების პირველი ეტაპი დასრულდა: შედეგები ცნობილია

პირველ რიგში, პრიორიტეტული იმ სამედიცინო პერსონალის აცრა იქნება, ვინც უშუალოდ კოვიდ-პაციენტებთან მუშაობს.

შემდგომში მოხდება ამ მონაცემთა ბაზის შედარება კოვიდინფიცირებულთა მონაცემთა ბაზასთან და ვისაც გასული წლის განმავლობაში დადასტურებული ჰქონდა კოვიდინფექცია, მათი აცრა დადასტურებიდან 3 თვის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება.

გამყრელიძის განმარტებით, კოვიდინფექცია არ წარმოადგენს აცრის საწინააღმდეგო ჩვენებას, მაგრამ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მწვავე ან ქვემწვავე პერიოდში, ანუ გადატანიდან 3 თვის განმავლობაში, მათ არ აცრიან.

„მოგეხსენებათ, რომ აცრა ნებაყოფლობითია და ჩვენ ველოდებით, რომ შეირჩევა დაახლოებით 14 000 ადამიანი, ვინც პირველ ეტაპზე აიცრება“, - განაცხადა გამყრელიძემ.  

რაც შეეხება საქართველოში შემოტანილი ვაქცინის შენახვის პირობებს, ამირან გამყრელიძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ Pfizer-ის ვაქცინა საჭიროებს ულტრადაბალ ტემპერატურაზე შენახვას (-70-80 გრადუსზე), ამიტომ შემოსული ვაქცინა დასაწყობდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის თბილისის სასაწყობე მეურნეობაში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში, სადაც შესაბამისი პირობებია მოწყობილი.

„ეს ვაქცინა, უკვე გალღობის შემდეგ, 5 დღის განმავლობაში, შეიძლება შეინახოს ჩვეულებრივ, მაცივრის ტემპერატურაზე, ამიტომ, ზუსტი გათვლები იქნება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველომ ვაქცინირებულებისთვის საზღვრები გახსნა, ევროპა კი სპუტნიკ V-თი დაინტერესდა - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
საქართველომ ვაქცინირებულებისთვის საზღვრები გახსნა, ევროპა კი "სპუტნიკ V“-ით დაინტერესდა

დაავადებათა ცენტრის ოფიციალური სტატისტიკით, კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით საქართველოში 2020 წელს 62 მედმუშაკი გარდაიცვალა  - ინფიცირებული მედიკოსების 0,4%. მთლიანობაში მედპერსონალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის 6%-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლინდა თითქმის 260 ათასი შემთხვევა, გარდაიცვალა 3 208 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0