თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. კოვიდგადატანილი პაციენტების ვაქცინაცია მეორე–მესამე კვარტალში ჩატარდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
გაბუნიას განცხადებით, იმ ადამიანებს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი, ვაქცინაცია მაინც სჭირდებათ, თუმცა, პროტოკოლის თანახმად, ვირუსის დადასტურებიდან ვაქცინაციამდე პერიოდი სამი თვე უნდა იყოს.
„ანუ, ვისაც ახალი გადატანილი აქვს ვირუსი, მათ ვაქცინაციას არ შევთავაზებთ და მოუწევთ მეორე–მესამე კვარტალში ვაქცინაცია", – განმარტა თამარ გაბუნიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან 254.916 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
საქართველომ COVAX–პლატფორმისგან უკვე მიიღო დასტური, რომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია – 29 250 დოზა თებერვლის მეორე ნახევარში შემოვა. ვაქცინაცია ორჯერ კეთდება, ამიტომ ის საკმარისი იქნება 14 ათასი ადამიანისთვის. პირველ რიგში მოხდება ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია.
საქართველოში ვაქცინაციას დაახლოებით 40 ბრიგადა ჩაატარებს. თითოეული ბრიგადა შედგება 3 ადამიანისგან – ამცრელი, ექიმი, ვინც ეკითხება პიროვნებას სპეციალურად შემუშავებული კითხვარით და ასევე რეგისტრატორი, ვისაც იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში შეაქვს პიროვნების მონაცემები.
საქართველოს მთავრობის მიერ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.
ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.