თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. ფოთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ შალვა შალიკაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
ბრალდებულის ადვოკატების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან საქმეში რაიმე სახის პირდაპირი ნივთმტკიცება არ არსებობს. ადვოკატები აღნიშნული განჩინების ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.
„სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად უკანონო... აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღწეული არ არის არა თუ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რაც აუცილებელია აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებისას, არამედ საერთოდ რაიმე ღირებული ნივთმტკიცებაც კი მოპოვებული არ აქვთ“, - განაცხადა ადვოკატმა მარლენ კაზანჩიმ.
მისი თქმით, ადვოკატების კითხვაზე პროკურორის მიმართ, მოსამართლის წინაშე დაესახელებინა თუნდაც ერთი პირდაპირი ნივთმტკიცება, პროკურორმა განაცხადა, რომ ასეთ ნივთმტკიცებას მოიპოვებენ მომავალში.
„ანუ, მომავლის იმედზე მოსამართლე უფარდებს პატიმრობას. სასამართლო ვერ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე. სასამართლო დაკავებულია პროკურატურის უკანონო მოთხოვნების რეგისტრაციით. ნოტარიუსიც კი უკანონობას არ გაატარებს“, - განაცხადა ადვოკატმა.
ბრალდებულის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარსულშიც ნასამართლევია და ის პატიმრობაც უდანაშაულოდ მოიხადა.
„დაკავებული ადრეც იყო ნასამართლევი. 9 წელი მოიხადა სრულიად უდანაშაულომ ციხეში. შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიერ იქნა გამართლებული 9 წელის შემდეგ. დღესაც გრძელდება ამ ადამიანის დევნა. ჩვენ რა თქმა უნდა გავასაჩივრებთ ამას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. წინასწარ მინდა განვაცხადო, რომ მოპოვებული ნივთმტკიცებულებებით არ შეიძლება ამ საქმეზე დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი“, - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ 4 თებერვალს ფოთში, შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან საკუთარ ავტომობილში, შვილის თვალწინ ახალგაზრდა მამაკაცი, გურამ ახალაია ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა. მკვლელობის ფაქტზე შსს-მ შალვა შალიკაშვილი ცხელ კვალზე დააკავა. მას ბრალი სსკ-ის 108-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ნიკა ლატარია