თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. საქართველო თბილისის კინომსახიობთა სახელმწიფო თეატრის დამაარსებლის, გამოჩენილი რეჟისორისა და პედაგოგის, მიხეილ თუმანიშვილის დაბადებიდან ასი წლის იუბილეს აღნიშნავს.
შესანიშნავი მიშა თუმანიშვილი... >>
„70 წლისა კი არა, 100 წლისაც რომ ვიყო, ახალგაზრდებთან ყოველთვის ვიმუშავებ იმიტომ, რომ ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ამასწინათ ვერ ვიყავი კარგად, არითმია მქონდა თუ რაღაც ჯანდაბა. მივედი თეატრში, სარეპეტიციო დარბაზში შევედი და დამავიწყდა არითმიაც და ყველაფერი ამქვეყნად. სწორედ მაშინ გავიფიქრე, რა ბედნიერებაა, რომ სცენა არსებობს!” - ამბობდა რეჟისორი.
მიხეილ თუმანიშვილის ჟანრითა და სტილით მრავალფეროვანი სპექტაკლები გამოირჩეოდა მხატვრული ენის სისადავით, ფსიქოლოგიური სიზუსტით, დახვეწილი გემოვნებითა და ლაკონურობით. რეჟისორი ავტორია ისეთი დადგმების, როგორიცაა „ესპანელი მღვდელი”, „ანტიგონე”, „ჭინჭრაქა”, „დონჟუანი”, „პატარა ქალაქი“, „სანამ ურები გადაბრუნდება“, „ამბავი სიყვარულისა“, „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“, „ბაკულას ღორები“, „ხიდი“ და სხვ.
მაესტროს აღზრდილები არიან ისეთი ცნობილი რეჟისორები და მსახიობები, როგორებიცაა რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, ზურაბ ყიფშიძე და ქეთი დოლიძე. იყო საქართველოს სსრ (1961) და სსრკ (1981) სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1980, მიენიჭა წიგნისათვის „სანამ რეპეტიცია დაიწყება“), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე (1986).
თუმანიშვილი დაიბადა თბილისში 1921 წლის 6 თებერვალს. სწავლობდა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე, გიორგი ტოვსტონოგოვის კლასში. ამავე უნივერსიტეტში 1949-1978 წლებში იყო დაკავებული პედაგოგიური საქმიანობით. საქართველოს ტელევიზიაში 1971-1975 წლებში იყო სადადგმო რედაქციის მთავარი რეჟისორი. 1975 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თეატრალური სახელოსნოს მთავარი რეჟისორი.
1975 წელს მსახიობ სტუდენტებთან ერთად დააარსა ახალი თეატრალური დასი. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ინიციატივით, ძველი კინოსტუდიის ბაზაზე დასს სცენა გამოუყვეს. 1978 წლის 14 იანვარს, ქართული თეატრის დაბადების დღეს დაიბადა კიდევ ერთი ექსპერიმენტული ქართული თეატრი - „თეატრალური სახელოსნო“. მოგვიანებით მიენიჭა სახელწოდება „კინომსახიობთა თეატრი“. დღეისათვის თეატრი მაესტროს პატივსაცემად „მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის“ სახელს ატარებს. დასის სტუდენტები მუშაობას თუმანიშვილის სამსახიობო მეთოდით აგრძელებენ.
გარდაიცვალა 1996 წლის 11 მაისს 76 წლის ასაკში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
1997 წლიდან თბილისში მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების ქართული საერთაშორისო ფესტივალი GIFT იმართება. ყოველწლიურად მის სცენაზე საუკეთესო სპექტაკლებს სხვადასხვა ქვეყნის უძლიერესი თეატრალური კოლექტივები დგამენ.