თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. რამდენიმე ათეულმა ახალგაზრდამ კომენდანტის საათის დროს თბილისის ქუჩებში დრამების თანხლებით და საჰაერო ბუშტებით ხელში მსვლელობა მოაწყო.
„ჯერ ვერ ვიტყვით, კონკრეტულად საით წავალთ, რადგან ყველა ადგილი, რომელიც ჩვენ დავასახელეთ, პოლიციამ გადაკეტა. ამიტომ, სად წავალთ - საიდუმლოა“, - განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა.
ახალგაზრდების მსვლელობა ძალიან ფერადია, მარშის მონაწილეთა ნაწილს ფერადი ნიღბები უკეთია, სხვებს ფერადი საჰაერო ბუშტები უკავიათ.
მათი მთავარი მოთხოვნაა შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც შეეცადა არ გაეტარებინა მარშის მონაწილეები სავალ ნაწილზე, მაგრამ მათ გაარღვიეს კორდონი და რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე გავიდნენ. პოლიცია აქციის მონაწილეებს უკან მიყვება.
ახალგაზრდული ორგანიზაციების გარდა, მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. წინასწარი ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ჯერ თბილისის ქუჩებს შემოივლიან, შემდეგ კი ღამეს ქუჩაში გაატარებენ.