თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება რესტორნების შიდა სივრცეების გახსნა, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, 1 თებერვლიდან კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქება მოხდა არ საპროტესტო აქციების ფონზე, როგორც ამას ბიზნესის ზოგიერთი წარმომადგენელი და ოპოზიცია ამტკიცებს, არამედ დადებითობის მაჩვენებლის შემცირების შედეგად.
„ზოგადად ბიზნესს არ ვურჩევდი ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით საუბარს. ის, რომ ჩვენ ახლა თანდათან შემსუბუქებას ვაკეთებთ, ეს, რა თქმა უნდა, არ არის რაიმე სახით ჩვენზე ზეწოლის შედეგი, არამედ ეს ჩვენი გეგმაზომიერი ნაბიჯებია, რაზეც წინასწარ განვაცხადეთ. ჯერ კიდევ 25 იანვარს შედგა მთელი ეკონომიკური გუნდის შეხვედრა სარესტორნო ინდუსტრიასთან, სადაც ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ კიდევ ორი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით ვითარებას და შემდეგ გადავდგამთ მომდევნო ნაბიჯს. სწორედ ასეც მოვიქეცით. ორი კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი ქვემოთ წამოვიდა, ამიტომ შევძელით და 15 თებერვლიდან დავაანონსეთ ჯერ რესტორნების ღია სივრცეებია გახსნა, რაც არის ზოგადი პრაქტიკა მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, თუ შემდგომში დადებითობის მაჩვენებლის შემცირების დინამიკა გაგრძელდება, შესაძლებელი გახდება სხვა შეზღუდვების შემსუბუქებაც.
„მომდევნო ერთი-ორი კვირის განმავლობაში თუ არ გაუარესდა ეპიდვითარება, ჩვენ შეგვეძლება ვიმსჯელოთ თარიღზე, თუ როდიდან შევძლებთ გავხსნათ შიდა სივრცეებიც, მაგრამ, ეს იქნება ჩვენი შეგნებული, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების შედეგი. რა თქმა უნდა, ყველა ბიზნესი ძალიან ღირებულია ჩვენთვის, მაგრამ მთლიანად საზოგადოების ინტერესიდან გამოვალთ”, - განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ სარესტორნო ბიზნესს თანამშრომლების ტესტირებაში სახელმწიფო დაეხმაროს, როგორც ეს ხდება მაღაზიებისა და მოლების შემთხვევაში. ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება.
კვების ობიექტებისთვის სავალდებულო იქნება 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება. სავაჭრო ობიექტებმა თანამშრომელთა ტესტირება ჩაატარეს იანვარშიც - გახსნამდე, თანაც იანვარ-თებერვალში ტესტირების საფასურს სახელმწიფო ფარავს.
მინისტრმა ასევე კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ სარესტორნო სფეროს წარმომადგენლებმა უარი თქვეს დაანონსებულ დაუმორჩილებლობის აქციაზე და დაგეგმილზე ადრე რესტორნების გახსნა გადაიფიქრეს.
„ეს არის სრული კონსტიტუციური უფლება ამ ადამიანების, ვინც ჩართულები არიან ბიზნესებში და გამოხატავენ პროტესტს, მაგრამ მე მინდა ასევე ხელისუფლების პოზიციაც გაიგონ, გაგებით მოეკიდონ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ორი ამოცანა დავაბალანსოთ. ეს არის ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ეს არის ბიზნესის და ეკონომიკის ინტერესები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
1 თებერვლიდან საქართველოში გასული წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნა. სამ დიდ ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი) მხოლოდ სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნა. ყველა დანარჩენი კოვიდ-შეზღუდვა, მათ შორის, ტრანსპორტის, ბაზრების, სკოლების, რესტორნების, ფიტნეს–დარბაზებისა და გასართობი ცენტრების მუშაობის განახლებაზე აკრძალვა 1 მარტამდე ძალაში რჩებოდა.
გამონაკლისი გახდა აჭარა, სადაც შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის, ღია რესტორნებსა და კაფეებსაც შეეხო. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ბიზნესის ამ სექტორის სხვა რეგიონების წარმომადგენლების აღშფოთება გამოიწვია. შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციებს სხვადასხვა ბიზნეს-სფეროს წარმომადგენლები ნოემბრის ბოლოდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მართავენ.
4 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ 15 თებერვლიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტები და რესტორნები საქმიანობას ღია სივრცეში განაახლებენ.
თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები, სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები იმუშავებენ მხოლოდ გატანა-მიტანის სერვისით; აგრარული ბაზრები, სურსათის და ცხოველების საკვების მაღაზიები, აფთიაქები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისი წესების დაცვით.
ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე. ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც. აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.
ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად საპროტესტო აქციები მაინც იმართება.