თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. COVAX–პლატფორმა საქართველოსთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო 214 ათას დოზა ვაქცინას გამოყოფს.
COVAX–პლატფორმამ ქვეყნებს შორის ვაქცინის განაწილების პროგნოზი გამოაქვეყნა.
ვაქცინა 145 ქვეყანას შორის თებერვალში გადანაწილდება – თითოეულ ქვეყანას ვაქცინა მოსახლეობის დაახლოებით 3,3%-ის იმუნიზაციისთვის ეყოფა.
საქართველო ვაქცინაციისთვის მზად არის – ეკატერინე ტიკარაძე>>>
COVAX–პლატფორმის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საქართველო 214 ათას დოზა ვაქცინას მიიღებს, აზერბაიჯანი – 506 ათასს, სომხეთი – 146 ათასს, უკრაინა კი 1 215 ათასს.
ვაქცინის ყველაზე მეტ დოზას ინდოეთი (97 164 000), ბანგლადეში (12 782 000) და ბრაზილია (10 672 000) მიიღებენ.
წინასწარი გათვლებით, ვაქცინების დისტრიბუცია 145 ქვეყანაში ივნისამდე დასრულდება.
COVAX–ში აღნიშნავენ, რომ დოკუმენტი წინასწარ პროგნოზებზეა დაფუძნებული და რიცხვები შეიძლება შეიცვალოს. აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით ბრიტანულ–შვედური კომპანია AstraZeneca-ს და ამერიკული Pfizer-ისა და გერმანული BioNTech-ის ერთობლივი ვაქცინების დისტრიბუცია განხორციელდება.
COVAX–ის გეგმის თანახმად, 2021 წლის ბოლომდე მთელ მსოფლიოში 2 მლრდ დოზა ვაქცინა უნდა იყოს მიწოდებული.
საქართველო ვაქცინის მისაღებად და იმუნიზაციის დაწყებისთვის მზადაა. გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინის მისაღებად სპეციალური პირობები – ე.წ. ცივი ჯაჭვია საჭირო, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან ქვეყნის ის კლინიკები, რომლებსაც საამისოდ შესაბამისი რესურსები გააჩნიათ.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაში უკვე დაიწყო სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია. პირველად სწორედ მედიკოსების ვაქცინაცია მოხდება.
საქართველოში ვაქცინაციას დაახლოებით 40 ბრიგადა ჩაატარებს. თითოეული ბრიგადა სამი ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებული – ამცრელი, ექიმი, ვინც პიროვნებას სპეციალურად შემუშავებული კითხვარის მიხედვით გამოკითხავს და ასევე რეგისტრატორი, რომელიც იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში პიროვნების მონაცემებს შეიყვანს. თითოეულმა ბრიგადამ დღეში 40–42 ადამიანის აცრა უნდა განახორციელოს.