საქართველოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მაგისტრატურა ბარსელონის „გლობალ ბიზნეს” სკოლაში გაიარა. სამომავლოდ საინტერესო იდეები აქვს, ამიტომ ახლა პეგასოს ენის სკოლაში ესპანურს ეუფლება. თაკო ჯანსაღად აზროვნებს და მისი თაობის ღირსეული წარმომადგენელია.
იმედია, მოვა დრო და მისი ნიჭი და პროფესიული გამოცდილება საკუთარ ქვეყანასაც წაადგება.
- თაკო, ვიცი, რომ საქართველოში უმაღლესის დამთავრების მერე ამერიკის მინესოტის უნივერსიტეტში ჩაირიცხეთ, ბარსელონაში როგორ აღმოჩნდით?
- საქმე ისაა, რომ საქართველოში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტეტის დამთავრების მერე ამერიკაში, მინესოტის უნივერსტეტში მაგისტრატურაზე ჩავირიცხე, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ წავედი. ჩემი ოჯახი 16 წელია ბარსელონაში ცხოვრობს და კიდევ უფრო შორს ჩემი გაშვება არ სურდათ, რადგან 16 წელი ერთმანეთის გარეშე ვიცხოვრეთ. მე ფაქტობრივად ბებომ გამზარდა.
- მოდი, აქვე, ბებოზე მოგვიყევით...
- ჩემი ბებო ძლიერი და ბობოქარი ქალია – ასეთ შეფასებას აძლევენ ისინი, ვინც კი იცნობს. მას შეუძლია იყოს თბილი და ტკბილი, მაგრამ ამავდროულად მკაცრი და შეუვალიც. მას შემდეგ, რაც გავჩნდი მის ცხოვრებაში, მან დედობის მთავარი „პროფესია“ კარგი ბებოთი ჩაანაცვლა, ის ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანია. რადგან მშობლები ევროპაში იყვნენ და მე თავს ვიმკვიდრებდი ამ სამყაროში, ის ჩემთვის ხან ბებო იყო, ხან დედა, ხან მამა და ხან მეგობარი, იმის მიხედვით, თუ ვისი გვერდით დგომა მჭირდებოდა. მუდმივად მიმეორებდა, რომ უნდა მესწავლა და მესწავლა, ყველაფერი დამეფასებინა, რასაც მშობლები ჩემთვის აკეთებდნენ.
- ამერიკაზე უარი თქვით და ბარსელონაში აღმოჩნდით...
- დიახ, წავედი ბარსელონაში, სადაც ცხოვრება თავიდან ძალიან გამიჭირდა, რადგან, სახლში თუ გარეთ, სულ მარტო მიწევდა ყოფნა. თანაც, ჩემთვის არავის ჰქონდა დრო, შაბათ-კვირამდე ყველა მუშაობდა. დავიწყე ბარსელონის უნივერსიტეტებში სასურველი ფაკულტეტის ძიება. სახელმწიფო უნივერსიტეტები არ მინდოდა, ვეძებდი ბიზნეს- სკოლებს, სადაც ეყოლებოდათ უცხოელი ლექტორები, ამიტომ საბუთები სამ მათგანში გავგზავნე. შემდეგ გავიარე გასაუბრება და მოგვიანებით ორი ბიზნეს–სკოლიდან დამიკავშირდნენ. მე არჩევანი გავაკეთე Global business school-ზე, სადაც მეორე ქართველი სტუდენტი ვიყავი. მარკეტინგის და კომუნიკაციის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. მოვხვდი სრულიად სხვა სამყაროში, სადაც ძალიან საინტერესო და თავგადასავლებით სავსე წელი მქონდა.
- სამაგისტრო ნაშრომისთვის თემა საქართველოდან შეარჩიეთ, რას ეხებოდა ის?
- სამაგისტრო ნაშრომი ორ კურსელთან, ყაზახ და პერუელ გოგონებთან ერთად დავწერე. სამაგისტრო თემისთვის თითოეულს ჩვენი ვარიანტი უნდა წარგვედგინა, შემდეგ კი პროფესორი აარჩევდა. ეს იყო ბიზნეს-გეგმა ბარსელონისთვის. იმ პერიოდში აღმოვაჩინე ძალიან საინტერესო და ჯანსაღი გვერდი – „მიკრო გრინი“, ეს იყო პირველი ვერტიკალური სათბური საქართველოში, რომლის მსგავსი ბარსელონაში არ არის. მიუხედავად ამისა, რატომღაც მეგონა, რომ ჩემი ბიზნეს-გეგმა და ზოგადად იდეა მიკრო-მწვანილების სათბურის შექმნის შესახებ არ მოეწონებოდათ, ამიტომ ჩემი ჯგუფის წევრების ბიზნეს-იდეებზე წინასწარ დავიწყე მუშაობა. ზუსტად რომ გაეგოთ რამდენად ჯანსაღი ბიზნესია, წარდგენის დღეს მათ ვაჩვენე ვიდეო, რომელიც ქართველ დამფუძნებელს ჰქონდა განთავსებული გვერდზე და რომელიც ინტერვიუსთან ერთად მისივე ნებართვით გამოვიყენე. ჩემდა გასაკვირად, სამივე თემის წარდგენის შემდეგ პროფესორმა აირჩია ბიზნესი საქართველოდან. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, მაგრამ მივხვდი, რომ წინ ძალიან დიდი სამუშაო მელოდა...
- საბოლოოდ საინტერესო ნაშრომი გამოვიდა?
- „მიკრო-გრინზე“ არც ყაზახ და არც პერუელ კურსელს საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდათ, ამიტომ ისინი გამუდებით მეკითხებოდნენ ყველაფერს. გადამოწმების მიზნით რუსულ და ინგლისურ ინფორმაციებს მიგზავნიდნენ. ამ რეჟიმში მუდმივად ყოფნით, ცოტა არ იყოს, გადავიღალე. საბოლოოდ ძალიან საინტერესო ნაშრომი გამოგვივიდა. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ საინტერესო ინფორმაციების მოძიებაში ძალიან დამეხმარა „მიკრო-გრინის“ ქართველი დამფუძნებელიც, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ. როდესაც ვთქვი, რომ საქართველოდან ვიყავი, ერთ-ერთმა პროფესორმა იცოდა შევარდნაძე და გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა მასზე და საქართველოზე, რაც სხვებსაც გაუზიარა. საბოლოოდ ეს ნაშრომი 92 ქულით წარვადგინეთ.
- ამჟამად რა შედის თქვენს გეგმებში?
- ახლა ესპანური ენის შემსწავლელ სკოლაში დავდივარ. ვემზადები ესპანური ენის b1 ლეველისთვის, რადგან ესპანური პასპორტის აღება მიწევს და ორი გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი. პირველი გამოცდა მოიცავს რამდენიმე საგანს: ისტორია, გეოგრაფია, კულტურა და ესპანეთის სამართალი; მეორე გამოცდა არის: თავისუფალი თემა, გასაუბრება და ლისენინგი. ეს არცთუ ისე მარტივია, ამიტომ ამ ეტაპზე არსად ვმუშაობ და მთელ დროს ენის სწავლას ვუთმობ. როცა პასპორტს ავიღებ, შემდეგ გადავწყვეტ კონკრეტულად სად მინდა ცხოვრება, სამსახურის ძებნასაც მერე დავიწყებ.
- გამოდის, რომ პირველი წარმატება ქართულმა იდეამ მოგიტანათ…
- დიახ, იდეა ძალიან კარგად ჟღერს და მისი დამფუძნებელი მარიტა გენებაშვილი ძალიან კარგი ადამიანია, რომელსაც ბიზნესში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებ.
- უცხოეთში ცხოვრებას თქვენთვის სირთულეები არ მოჰყოლია?
- როცა ამ ქვეყანაში ცხოვრება გადავწყვიტე, არ მქონია იმის განცდა, რომ უცხოსა და შეუცნობელი გარემოს გამო ჩემს სამყაროზე უარს ვამბობდი, რადგან აქ ბავშვობის მეგობრები და, რაც მთავარია, ჩემი ოჯახი დამხვდა. როცა იქ დატოვებული ადამიანების მონატრება მასევდიანებდა, ამ მონატრებას სწორედ აქ დახვედრილი თბილი და მზრუნველი გარემო მიბალანსებდა.
- ყველაზე დიდი კომფორტი რამ შეგიქმნათ?
- ჩემი თაობის ადამიანებისთვის ყველაზე დიდი კომფორტი ამ ქვეყანაში ის არარსებული ბარიერებია, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში მიზნების განხორციელებასა და შესაძლებლობების რეალიზებაში გვაფერხებს. ესაა სტერეოტიპებისგან დაცლილი გარემო. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო წლების ტენდენციებმა ბევრი სტერეოტიპი ჩვენს ქვეყანაშიც დაამსხვრია. ახალგაზრდებს კი მისცა მეტი პიროვნული თავისუფლება, რაც სრულყოფილ განათლებასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია.
- როგორ ფიქრობთ, სამომავლოდ საქართველოსთვის უცხოეთიდან რის გაკეთებას შეძლებთ?
- როცა განათლების მიღებას ვცდილობდი, ნებისმიერ საფეხურზე, სადაც უნდა განმეხორციელებინა ეს, საკუთარ თავს მხოლოდ საქართველოში ვხედავდი. განსაკუთრებით ისეთ სფეროში, სადაც ცხოვრების სწორად დაგეგმვის, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა და წარმატებების მიღწევის გზების ძიებაში ახალგაზრდებს სწორ მიმართულებას აძლევენ. მომავალში მინდა ისეთ სფეროში ვიმუშაო, სადაც ჩემი ცოდნის ტრანსფერს შევძლებ და შედეგად მატერიალურის გარდა, მორალურ გასამრჯელოდ ადამიანების კეთილგანწყობასა და მადლიერებას დავიმსახურებ…