თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. მიმდინარე კვირაში ვაკის პარკში ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები დაიწყება, რის გამოც პარკი მთლიანად დაიკეტება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის განმარტებით, სამუშაოების პროცესში ვაკის პარკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსისთვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი შეუნარჩუნდება.
„დაწყებულია ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების განახლება, მოწესრიგება. ამ მიმართულებით ბევრი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა და მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. ეს არის სივრცე, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ჩვენ მის განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ვაკის პარკის რეაბილიტაციის დაგეგმვამდე თბილისის მერიამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა ჩართო და მათი წინადადებებიც გაითვალისწინა.
„რამდენიმე დღეში მოგვიწევს პარკის სრულად დაკეტვა, რადგან საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იწყება. დაგეგმვის ეტაპზე აქტიური კომუნიკაცია გვქონდა მოსახლეობასთან, საკმაოდ მაღალი იყო მათი ჩართულობა და ბევრი საინტერესო იდეა ჰქონდათ, რომელიც ამ პროექტში იქნა გათვალისწინებული“, – აღნიშნა კალაძემ.
როგორც მერმა განმარტა, სარემონტო სამუშაოების დროს მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო, სანიაღვრე სისტემა, განახლდება მწვანე საფარი და პარკის ინფრასტრუქტურა.
ვაკის პარკი 1946 წელს გაიხსნა. 2017 წელს ვაკის პარკის ტერიტორია გაფართოვდა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. ვაკის პარკს კუს ტბის ტერიტორია შემოუერთდა და მისი საზღვრები 18-დან 34 ჰექტრამდე გაიზარდა.