თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. საბაჟო–გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“ 24–საათიან რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამეში ათასზე მეტ სატვირთო ავტომობილს ატარებს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ამ დროისთვის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობი-ლარსის მონაკვეთზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„რუსეთის ფედერაციის მხრიდან, შესაბამისი საბაჟო კონტროლის პროცედურების გავლის შემდეგ, მგზავრებისა და საერთაშორისო განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების გატარება ქართული მხარის მიერ შეუფერხებლად მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.