თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ფუტსალის ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში რუსეთის გუნდთან თბილისში ანგარიშით 0:4 დამარცხდა.
სტუმრებმა ანგარიშის გახსნა შეხვედრის მეხუთე წუთზე რომულოს ძლიერი დარტყმის შემდეგ შეძლეს. უპირატესობის გაორმაგებაში თავისი წვლილი შეიტანა არტიომ ნიაზოვმა, რომელმაც თავი პირველი ტაიმის შუა პერიოდში ისახელა.
შესვენებამდე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს დაწინაურების რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მასპინძლებს საბოლოო დარტყმები არ გამოსდიოდათ. ბრწყინვალედ მოქმედებდა სტუმრების მეკარე იგორ პუტილოვი. მაგრამ როდესაც ის უძლური იყო, მის ფუნქციას კარის ძელი ასრულებდა.
შესვენების შემდეგ ავთანდილ ასათიანის აღსაზრდელებმა მეტოქის პრესინგს მოუმატეს, თუმცა ამ ტაქტიკამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. მეტიც, 28 წუთზე ქართველებმა დაკარგეს ბურთი, შეცდომა დაუშვეს დაცვაში, შედეგად კი დანიილ დავიდოვმა მესამე გოლი გაიტანა, რამაც შეხვედრის შედეგი განსაზღვრა.
მატჩში ფინალური წერტილი დასვა კვლავ ნიაზოვმა, რომელმაც 33-ე წუთზე კუპატაძეს აჯობა. აღსანიშნავია, რომ კარში დარტყმებით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა რუსებს აჯობეს - 12 11-ის წინააღმდეგ.
EURO 2022-ის შესარჩევი კამპანიის ფარგლებში ორივე ნაკრებმა 2-2 თამაში გამართა. რუსეთთან წაგებამდე საქართველოს გუნდმა საფრანგეთთან გასვლითი მატჩი ფრედ 4:4 დაასრულა. რაც შეეხება სერგეი სკოროვიჩის აღსაზრდელებს, ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციის სასტარტო შეხვედრაზე რუსებმა სომხეთს ანგარიშით 6:0 მოუგეს.
EURO 2022-ის შერჩევის ფარგლებში მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები თბილისში 5 მარტს სომხეთის წინააღმდეგ გამართავს. ამავე დღეს რუსეთის ნაკრები პარიზში ფრანგებს დაუპირისპირდება.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურში მონაწილეობს რვა ჯგუფად დაყოფილი 32 გუნდი. რეგლამენტის თანახმად, ტურნირის დასკვნით ნაწილში გადადიან თითოეული ჯგუფის გამარჯვებულები, ასევე საუკეთესო შედეგების მქონე ექვსი ეროვნული გუნდი მეორე ადგილებიდან. მეორე ადგილებზე გასული დარჩენილი ორი გუნდი პლეი-ოფში EURO 2022-ის კიდევ ერთ საგზურს გაითამაშებს. ყველა ეს ნაკრები შეუერთდება ნიდერლანდებს, რომელიც მასპინძელი ქვეყნის სტატუსის წყალობით ტურნირზე კვალიფიკაციას ავტომატურად მიიღებს.
ევროპის ჩემპიონატი ფუტსალში 2022 წლის 6 იანვრიდან 9 თებერვლამდე ნიდერლანდების ორ ქალაქში - ამსტერდამსა და გრონინგენში გაიმართება.
საქართველოს ფუტსალის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა ჯერ არასდროს არ მიუღია.
ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია ესპანეთის ნაკრები, რომელიც ევროპის უძლიერესი გუნდი შვიდჯერ გახდა. ტურნირი 1996 წლიდან იმართება.