თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა გუნდმა პარიზში, ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა საფრანგეთის გუნდთან ფრე ანგარიშით – 4:4 დაასრულა.
მატჩის ძირითადი მოვლენები პირველ ტაიმში განვითარდა, რომელშიც შვიდი გოლი გავიდა. მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს, თუმცა, ავთანდილ ასათიანის ქვეშევრდომებმა მათ სამი ზუსტი დარტყმით უპასუხეს და დაწინაურდნენ ანგარიშით 3:1. გატანილი გოლების ავტორები არიან ფილიო, რონინიო და ელისანდრო.
პირველი ტაიმის მეორე ნახევარში ფრანგებმა ძალისხმევა გააორმაგეს და საქართველოს გუნდის კარი სამჯერ „აიღეს“ – მატჩის პირველი ნაწილი მასპინძელთა გამარჯვებით (4:3) დასრულდა.
მეორე ტაიმი ქართველების აშკარა უპირატესობით წარიმართა. მათ საფრანგეთის ნაკრების კართან რამდენიმე საშიში მომენტი შექმნეს, თუმცა, მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს. 33–ე წუთზე სიოტის გატანილმა გოლმა მატჩის საბოლოო ანგარიში დაადგინა.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მომდევნო შეხვედრას თბილისში, 2 თებერვალს საკუთარ მოედანზე რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.
ფუტსალში ევროპის ჩემპიონატი 6 იანვრიდან 2022 წლის 9 თებერვლის პერიოდში ჰოლანდიის ორ ქალაქში – ამსტერდამსა და გრონინგენში ჩატარდება.