თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნაციონალური უსაფრთხოების გუნდს მიმართა თხოვნით, გადახედოს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ პოლიტიკას „ყველა მიმართულებით“, იუწყება РИА Новости აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაზე დაყრდნობით.
ტელეარხ NBC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბლინკენმა კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის უფრო ეფექტური მეთოდების შემუშავების აუცილებლობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ახალი მიდგომა მოიცავს ფხენიანის მიმართ აშშ-ის მოკავშირეებთან შეთანხმებით შემდგომი სანქციების დაწესების შესაძლებლობას, ასევე დიპლომატიურ სტიმულებს, რომლებიც სახელმწიფო მდივანმა არ გაამხილა.
აშშ-ისა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მოლაპარაკებები ჩიხში მოექცა 2019 წლის თებერვალში ჰანოიში სამიტის ჩავარდნის შემდეგ. ვაშინგტონი ფხენიანისგან ითხოვდა უფრო გადამჭრელ მოქმედებას ბირთვულ შეიარაღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, ჩრდილოეთ კორეა კი, თავის მხრივ, აღნიშნავდა, რომ აშშ საერთოდ არაფერს არ აკეთებს დენუკლეარიზაციის მიმართულებით მის მიერ ნებაყოფლობით გადადგმული ნაბიჯების საპასუხოდ. ამის შემდეგ ოქტომბერში აშშ-კორეის ერთადერთი სამუშაო შეხვედრა შვედეთში ასევე უშედეგოდ დასრულდა.
2019 წლის ბოლომდე კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას არაერთხელ წამოუყენებია ულტიმატუმი, რომ აშშ-მა უნდა შეიმუშაოს „ახალი გადაწყვეტილება“ დენუკლეარიზაციასთან დაკავშირებით და კორეას წარუდგინოს უსაფრთხოების გარანტიები, წინააღმდეგ შემთხვევაში დიალოგი შეწყდება. 2020 წლის დასაწყისიდან ფხენიანი-ვაშინგტონის წარმომადგენლების შეხვედრები არცერთ დონეზე არ განახლებულა, ჩრდილოეთ კორეას კი არაერთხელ განუცხადებია, რომ აშშ-თან მოლაპარაკების გაგრძელებას აღარ აპირებს.