თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ამერიკელმა მკვლევარებმა ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანის მახლობლად მანამდე უცნობი ბირთვული ობიექტი აღმოაჩინეს, იუწყება CNN თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე დაყრდნობით.
New satellite images of North Korea show activity at a facility researchers suspect is being used to build nuclear warheads https://t.co/7kSGUvR3IK
— CNN Breaking News (@cnnbrk) July 8, 2020
გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოები კომპანია Planet Labs-ს ეკუთვნის, ხოლო მათი ანალიზი მონტერეის ინსტიტუტის ექსპერტებმა ჩაატარეს. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ფოტოებზე აქტიურად მოქმედი სამეცნიერო ობიექტია დაფიქსირებული, სადაც, დიდი ალბათობით, ბირთვული ქობინები იწარმოება.
„მას აქვს ჩრდილოკორეული ატომური ობიექტის ყველა ნიშანი — დაცვის პერიმეტრი, შიდა საცხოვრებელი სათავსოები, მიწისქვეშა ნაწილი, ქვეყნების ლიდერების უცნობი ვიზიტებისადმი მიძღვნილი ძეგლები“, — განმარტა თანამგზავრის მონაცემები პროფესორმა ჯეფრი ლუისმა.
მისი დასკვნის თანახმად, საწარმოს არც ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების დროს შეუწყვეტია მუშაობა და არც მას შემდეგ, რაც პროგრამის ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე შეთანხმების მიღწევა მოხერხდა.
ზუსტდება, რომ პირველი ეჭვები ამ ობიექტის დანიშნულების შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, მაგრამ მკვლევარებმა მაშინ თავი შეიკავეს ამ თემაზე საუბრისგან, ვინაიდან ინფორმაციის ნამდვილობაში დარწმუნებული არ იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ ივნისის ბოლოს ჩრდილოკორეელი დიპლომატები კიდევ ერთხელ დაემუქრნენ აშშ-ს განადგურებით — ქვეყნის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ ბირთვული რაკეტები აქვთ.