თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ფეხბურთში, თბილისის „დინამომ“ სეზონისწინა მომზადების ფარგლებში მეოთხე საკონტროლო მატჩი კიევის „დინამოსთან“ ანგარიშით 0:1 წააგო. მატჩი თურქეთის ქალაქ ბელეკში გაიმართა.
მირჩი ლუჩესკუს გუნდმა გამარჯვების გოლი არბიტრის მიერ დამატებულ დროში გაიტანა. დავით კობოურმა საჯარიმოში წესები დაარღვია, ვიქტორ ბუიალსკიმ კი დანიშნული პენალტი ზუსტად განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ წინა საკონტროლო მატჩში უკრაინის „კოლოსის“ წინააღმდეგ თბილისელებმა გოლი ასევე ბოლო წამებზე გაუშვეს. ის შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
თბილისის „დინამოელებმა“ თურქეთში მიმდინარე შეკრებაზე უკვე 4 ტესტ-მატჩი ჩაატარეს. გიორგი ნემსაძის აღსაზრდელებმა პირველი მატჩი სერბეთის „რადნიკთან“ ანგარიშით 0:1 წააგეს, ასეთივე ანგარიშით წააგეს კიევის „დინამოსთან“, შემდეგ იგივე ანგარიშით მოუგეს კიდევ ერთ გუნდს სერბეთიდან - „ნაპერდაკს“, ხოლო უკრაინის „კოლოსთან“ მატჩი ფრედ დაასრულეს.
მომდევნო ტესტ-მატჩს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 6 თებერვალს უკრაინის „ზარიას“ წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს 2021 წლის ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში 27 თებერვალს დაიწყება. ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის პირველი მატჩი „დინამო არენაზე“ ჩატარდება – ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ქვედა ლიგიდან დაწინაურებულ წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდება.