თბილისის „დინამომ“ უკრაინულ კლუბთან მატჩი ფრედ დაასრულა

© photo: FC Dinamo Tbilisi / FBთბილისის „დინამო“ სეზონისწინა შეკრებაზე
თბილისის „დინამო“ სეზონისწინა შეკრებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომდევნო მოსამზადებელ მატჩს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 1 თებერვალს კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართავს

თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საფეხბურთო კლუბმა თბილისის „დინამომ“ სეზონისწინა მომზადების ფარგლებში მესამე საკონტროლო მატჩი უკრაინის „კოლოსთან“ ფრედ 1:1 დაასრულა. მატჩი თურქეთის ქალაქ ბელეკში გაიმართა.

დინამოელებმა ანგარიში შეხვედრის მე-18 წუთზე გახსნეს. ქართული კლუბის ახალწვეულის, ზორან მარუშიჩის პასი შესანიშნავი დარტყმით გოლად აქცია ფაბიან სპორქსლეიდმა. ნიდერლანდელი მცველისთვის ეს გოლი „დინამოს“ შემადგენლობაში სადებიუტო გამოდგა.

გიორგი ნემსაძის შეგირდები დამაჯერებლად აკონტროლებდნენ სიტუაციას, მაგრამ ბოლოსკენ მაინც მოდუნდნენ. არბიტრის მიერ დამატებულ დროში „კოლოსმა“ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. შეხვედრის ბოლო წამზე თავი გამოიჩინა პაველ ორეხოვსკიმ.

სეზონისწინა შეკრების პირველ მატჩში „დინამო“ სერბეთის „რადნიკთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა, შემდეგ კი ასეთივე ანგარიშით მოუგო კიდევ ერთ გუნდს სერბეთიდან - „ნაპერდაკს“.

მომდევნო ტესტ-მატჩს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 1 თებერვალს კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოს 2021 წლის ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში 27 თებერვალს დაიწყება. ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის პირველი მატჩი „დინამო არენაზე“ ჩატარდება – ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ქვედა ლიგიდან დაწინაურებულ წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდება.

ყველა ახალი ამბავი
0