თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. სკოლებში სასწავლო პროცესისთვის შესაძლებელია შაბათი დღეც იყოს გამოყენებული, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ.
რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1 თებერვლიდან: ბოლო ინფორმაცია >>
მინისტრის მოადგილის თქმით, დღეს სკოლებს აქვთ სრული თავისუფლება იმისათვის, რომ საჭიროებიდან გამომდინარე თავად გაუწიონ ორგანიზება სასწავლო პროცესს.
„აქ არის საუბარი, რომელ საათზე დაიწყება სწავლას, რამდენი ხანი იქნება გაკვეთილის ხანგძლივობა. შესვენებები როგორ იქნება ორგანიზებული, ასევე, შესაძლებელია, შაბათი დღეც იყოს გამოყენებული სასწავლო პროცესისთვის“, - განაცხადა დგებუაძემ.
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას იწყებს. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში სასწავლო პროცესი ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1 თებერვლიდან აღდგება. ხოლო თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მოსწავლეები საკლასო ოთახებს მხოლოდ 1 მარტიდან დაუბრუნდებიან.
დგებუაძის განცხადებით, საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემდეგ ორ კვირაში ერთხელ მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საკოორდინაციო საბჭო ამ დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როცა კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის პროცენტული მაჩვენებელი გარკვეულ ნიშნულამდე დაიწევს.
იმ სკოლებში, კი სადაც სწავლა 1 თებერვლიდან საკლასო ოთახებში უნდა განახლდეს, განათლების სამინისტრომ სკოლის მოსწავლეების მშობლებს არჩევანის საშუალება მისცა – 1 თებერვლიდან ბავშვები სკოლაში ივლიან თუ ონლაინ–რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას.
„შეგვიძლია მშობლებს ვუთხრათ, რომ მათი შვილები სკოლებში დაცულები იქნებიან და არ ჰქონდეთ შიში, რომ ნორმები, რომლებიც არის განსაზღვრული, არ იქნება შესრულებული“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
თბილისსა და ქუთაისში კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა >>
კორონავირუსის პანდემიის გამო თბილისისა და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი გასული წლის მარტიდან დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.