ლიკა დვალიშვილი - სამი შვილის დედა, პროფესიით ბუღალტერი. ის ალბათ ამ სფეროში იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვშია, ვისთვისაც ციფრებთან დამღლელი ურთიერთობის შემდეგ, სიტყვებსა და გრძნობებთან ურთიერთობა ყოველდღიურ მოთხოვნილებად ექცა და ვისთვისაც ეს ერთგვარი შვებაა. ეს მასალა მისთვის დაბიუტია...
- ლიკა, წიგნებისადმი სიყვარული, სულიერება-ადამიანს ბავშვობიდან უვითარდება და ალბათ თქვენ შემთხვევაშიც ასე იყო...
- ლიტერატურა, პოეზია - ჩემი სულის ყველაზე მყუდრო თავშესაფარია. წიგნებისადმი ჩემი სიყვარული მშობლების დამსახურებაა. მახსოვს, საღამოობით, ლამფის შუქზე, დედა მამას წიგნებს როგორ უკითხავდა, როგორ ათენებდნენ ისინი ღამეებს კითხვაში, მერე ამ წიგნების განხილვაში. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან რომანტიული იყო. წერა თორმეტი წლის ასაკში, დღიურების სახით დავიწყე. ეს მაშინ მოხდა, როცა სამეგრელოს ერთ-ერთი სოფლის სკოლიდან, ვანის რაიონში, N2 საშუალო სკოლაში გადავედი, იქაური მეგობრების მონატრებას ვერ გავუძელი. მერე ნოველების წერა დავიწყე და ხანდახან ლექსებისაც, რომელსაც პირველად ჩემს დას ვუკითხავდი. მახსოვს, ისეთი აღფრთოვანებული და გახარებული იყო. ამან ძალიან დაგვაახლოვა. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა ახლა დობაზე მეტია.
- რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?
- საერთოდ არ ვიცი რა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩემთვის რა არის ამის შესახებ შემიძლია მოგიყვეთ. 32 წლის ვარ, ოჯახი ადრეულ ასაკში შევქმენით მე და ჩემმა მეუღლემ. დედა 18 წლის ასაკში გავხდი, დღეს მყავს სამი ბიჭი. უფროსები 12-13 წლის არიან და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მე და ჩემი მეუღლეც მათთან ერთად გავიზარდეთ. ვერ ვიტყვი, რომ მაშინ დედობა და პასუხისმგებლობა შვილების მიმართ გააზრებული არ მქონდა, მაგრამ ერთმანეთის მეგობრებად უფრო ვიქეცით. პატარა სამი წლის მყავს და მას ახდენილ ოცნებას ვეძახი. იოანეს შემდეგ სხვანაირად გავძლიერდი და რწმენა შემემატა. იმის იმედი მომცა, რომ თურმე ყველაზე ნისლიან ამინდშიც კი შესაძლებელია მოქუფრულ ცაზე ამოკაშკაშდეს მზე, იმისთვის, რომ გაგათბოს და გაგაბედნიეროს, ყველა კარი ჩარაზოს, საიდანაც სიბნელე და სუსხი შემოდის. ხანდახან ვფიქრობ, ზედმეტი ხომ არ არის ასე რომ ვფიქრობ მეთქი, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. შვილებსა და მეუღლეზე ძალიან ვარ დამოკიდებული და მათ გარეშე არ შემიძლია...
- როცა ოჯახში მეუღლე და სამი შვილია, როგორ უთავსებთ ყოფას-პოეზიას?
- ლექსების წერა მეუღლესთან ურთიერთობაში ძალიან მეხმარება, თუმცა ამ მხრივ ერთმანეთისგან განვსხვავდებით. ის პოეზიის დიდად მოყვარული არ არის. ამიტომ ჩემი გარითმული გრძნობები მისთვის ხან სიყვარულისგან აღტაცებული, ხან გაბუტული პატარა გოგოს ლექსებად რჩება. შინაგანად მაინც მარტოსული და კომპლექსებიანი ადამიანი ვარ. რადგან ურთიერთობაში ყოველთვის მეტი და მეტი მინდა ხოლმე. მერე კი შიში მიპყრობს- მეტისმეტი არ მომივიდეს და ამ გადაჭარბებული სიყვარულისგან არ გადავღალო მეუღლე, ოჯახის წევრები, მეგობრები... როცა რამე მწყინს, ან ვბრაზობ და ამაზე ვერ ვახერხებ ხმამაღლა საუბარს, ამ დროს ყველაზე კარგი საშუალება განმარტოება და რასაც ვგრძნობ იმის ფურცლებზე გადატანაა. იმ დროს მთელი სამყაროს წილ სიყვარულს ჩემთან მოვიხმობ და მერე ყველა წყენა ქრება...
- ის დროა, მკითხველს თქვენი ლექსი გავაცნოთ...
- ისეთი ყინვაა იანვარს უხდება,
მაგრამ შენ არ გშვენის ასეთი სიცივე.
რა მოხდა, გაბრაზებ ხანდახან ძალიან.
ხანდახან შენც ხომ გღლის ერთი და იგივე?
იმიტომ მოვდივარ ნებართვის გარეშე,
რომ ერთფეროვნება შევცვალო რაღაცით.
სანამ ვარ სულელი, ვაგრძელებ ამ ბოდვას.
სიბრძნემ თუ მომისწრო, ხომ იცი, არ მაცდის.
დამიჭერს ასაკი თავისი მარწუხით
და მერე თამამად ვერ მოვალ შენთანაც,
ჰოდა, დღეს მოვასწროთ ღრუბლებთან თამაში
და მერე, თუ გინდა წავიდეთ მზესთანაც.
მოვალ და წაგიყვან, უარს არ მივიღებ.
ეგ შიში დატოვე დღე-ღამის მიჯნაზე.
როდესაც ასეთი ლამაზი ზეცაა,
ყველაფერს გაფიცებ, რა გვინდა მიწაზე?
- ვიცი, რომ ლექსებს, რომელსაც სოციალურ ქსელებში ათავსებთ, უცხოეთში მყოფი ქართველები კითხულობენ აქტიურად...
- ჩემი ლექსები რამდენიმე წლის წინ რაიონულ გაზეთში დაიბეჭდა. დღეს მხოლოდ სოციალურ ქსელებში ვაქვეყნებ. ძალიან მახარებს და მაბედნიერებს ხოლმე თბილ კომენტარს რომ მიტოვებენ, როცა მწერენ რომ ჩემი სიტყვები მათ გულამდე აღწევს. მაშინ ენერგიით და სიყვარულით ვივსები. ემიგრანტები და ემიგრანტობა ჩემთვის უცხო არ არის. ჩემი დედამთილი წლებია, ემიგრანტია და ვიცი რა ტკივილი და ტანჯვაა მათთვის ოჯახიდან ასე შორს ყოფნა. რამდენი რამის გამოტოვება უწევთ შვილებისა და შვილიშვილების ცხოვრებაში. ვიცი, ჩემზე ქალბატონმა ირმა ბეგლარიშვილმა გითხრათ, ის ამერიკაშია და მისი გამოწვდილი ხელი და თბილი სიტყვები ჩემთვის ყველაფერია. როცა მადლობა გადავუხადე, მითხრა, რომ ეს ჯაჭვური რეაქციაა, რომ მეც შემომხვდება ვინმე, ვისაც ჩემი მხარდაჭერა და სტიმული დასჭირდება… არ შემიძლია გვერდი ავუარო, ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტს, საოცარ ქალბატონს, ხათუნა შავლაძესაც, რომელმაც ირმას უამბო ჩემზე. იცით, რას დავაკვირდი?- თითქმის ყველა ემიგრანტს აქვს იმის სულიერი მოთხოვნილება, რომ სამშობლოში მყოფ ადამიანებს დახმარების ხელი უანგაროდ გაუწოდონ.
- ალბათ სფეროში, სადაც დასაქმებული ხართ, არც ისე ხშირია პროფესიონალი, რომელიც ლექსებს წერს...
- რა გთხრათ?.. პროფესიით ბუღალტერი ვარ და ერთ ძალიან კარგ ორგანიზაციაში ვმუშაობ. იქ ყოველგვარი გამოცდილების გარეშე მიმიღეს და პროფესიული განვითარების შანსი მომცეს და ამისთვის მათი მადლიერი ვარ. პანდემია ყველასთვის რთული პერიოდი აღმოჩნდა. დღეს გარშემო რაც ხდება ამან ფსიქოლოგიურად, ლამის დამანგრია. ჩემი გონება ბავშვებზე და მათ მომავალზე ფიქრმა მოიცვა, მაგრამ ღმერთისა და კეთილი ადამიანების წყალობით, ფინანსური სირთულე არ გვიგრძვნია, მას გავუმკლავდით. მე და ჩემს მეუღლეს სამსახურიც შეგვინარჩუნდა.
- ისე, ციფრების მერე რითმებთან შეჭიდება ადვილია?
- როცა სახლში ძალიან დაღლილი, მაგრამ ემოციებით სავსე ვბრუნდები, მათგან გათავისუფლება მჭირდება ხოლმე. მაშინ ხელში კალამს ვიღებ და ფიქრები ფურცელზე გადამაქვს. მგონი, ცოტა ეგოისტიც ვარ, რადგან ლექსებში უმეტესად საკუთარ თავს ველაპარაკები. ვაგულიანებ ისეთ “მეს“ როგორიც მინდა, რომ ვიყო, რადგან მეორე დღეს, გაღვიძებისთანავე, სამყაროს ყოფითი პრობლემებისა თუ პატარ- პატარა ცხოვრებისეული ბრძოლების ფერხულში ჩავება...