თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. სპეციალური პენიტენციური სამსახური სწავლობს საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას ციხის თანამშრომლების მიერ კარტოგრაფ ივერი მელაშვილის ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლების დარღვევის ფაქტის შესახებ, ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
ლომჯარიამ განაცხადა, რომ ციხეში ყოფნის დროს მელაშვილმა ადვოკატს გაუგზავნა რუკები თავისი მინაწერებით, თუმცა ადვოკატმა ისინი მხოლოდ ციხის თანამშრომლების მიერ შესწავლის შემდეგ მიიღო. ამგვარად დაირღვა კარტოგრაფის ადვოკატთან კონფიდენციალური ურთიერთობის უფლება, რომელიც კანონით არის დამყარებული.
„სახალხო დამცველის მოცემულ განცხადებასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ბრალდებულის ადვოკატის მხრიდან მიმართვისთანავე, უწყებამ მიმდინარე თვის დასაწყისში დაიწყო მოკვლევა იმ ფაქტთან დაკავშირებით (2020 წლის 30 დეკემბრის ინციდენტი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში) რომელზეც ომბუდსმენი თავის განცხადებაში მიუთითებს. მოკვლევის დასრულების შემდეგ დაიდება დასკვნა და თუ გამოიკვეთება პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის/თანამშრომლების მხრიდან გადაცდომა, ამ ფაქტს სათანადო რეაგირება მოყვება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“, - ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა.
პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.
ამ დროისათვის სასამართლომ ბრალდებულები გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა და საქართველოს საზღვრების გადაკვეთა აუკრძალა
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.