თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. საქართველოში ყველა ის უცხოელი შემოვა, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სრულად გავლილი აქვს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე.
ქვეყანაში გარკვეული შეღავათებით შემოსვლა შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნების, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს ერთი პირობით – მათ უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი. ქვეყანაში ჩამოსვლიდან მესამე დღეს კი საკუთარი ხარჯებით განმეორებითი ტესტირება უნდა ჩაიტარონ.
„ჩვენ მხედველობაში გვაქვს ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ადამიანების ვაქცინაცია იზრდება და ეს ჩვენი მთავარი, პრიორიტეტული ჯგუფია“, – აღნიშნა თურნავამ.
საქართველომ კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტის შუა რიცხვებში სახმელეთო საზღვრები ჩაკეტა, მარტის ბოლოს კი ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა შეაჩერა.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით აღდგება.