თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. ამ ეტაპზე პორტალზე დარეგისტრირებული 43 მოლიდან გახსნისთვის საჭირო მოთხოვნებს 13 აკმაყოფილებს, 21 ბაზრიდან – ორი, საცალო-საბითუმო ტიპის 24 ობიექტიდან კი – სამი, განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში ბოლო სამი თვის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა>>
მთავრობის მიერ შემუშავებული შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის მიხედვით, 1 თებერვლიდან ყველა მაღაზია და სავაჭრო ცენტრი იხსნება, ხოლო 15 თებერვლიდან – ბაზრობებიც. თუმცა, უქმე დღეებში ისინი არ იმუშავებენ.
ახალი რეგულაციების მიხედვით, 1 თებერვლიდან მუშაობის განახლების შემთხვევაში მოლებსა და ბაზრობებს 14 დღეში ერთხელ თანამშრომელთა გეგმური ტესტირება მოუწევთ. ასევე მოლებისა და ბაზრობების ხელმძღვანელებმა თავიანთი ბიზნესი და მასში დასაქმებული პირები უნდა დაარეგისტრირონ სპეციალურად შექმნილ პორტალზე labour.moh.gov.ge, რომლის მეშვეობით განხორციელება თანამშრომელთა ტესტირების პროცესის მონიტორინგი.
ფერაძის განმარტებით, აღნიშნულ პორტალზე მონაცემები ყოველდღიურად იცვლება.
„ეს გუშინდელი მონაცემებია და ყოველდღიურად იცვლება. მოლოდინი გვაქვს, რომ 1 თებერვლისთვის ობიექტების აბსოლუტური უმრავლესობა მზად შეხვდება პროცესს“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სავაჭრო მოლების და ბაზრობების გახსნამდე, იანვარში ჩატარებული პირველი ტესტირების საფასურს სახელმწიფო დაფარავს, ხოლო ყოველი მომდევნო ტესტირების საფასურის დაფარვა კი აღნიშნული სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას თავად მოუწევს.
ფერაძემ კომპანიების მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღემდე ჯამში 50 ათასზე მეტი ობიექტია შემოწმებული, საიდანაც გაფრთხილება მიეცა 28 ათასზე მეტ ობიექტს, 6 018 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა, დაჯარიმდა 49 ობიექტი.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ.