თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. მიიჩნევა, რომ კარტოფილის ნახარშის ცხელი ორთქლი ხსნის გაციების სიმპტომებს — ცხვირის გაჭედილობას, ლორწოვან გამონადენსა და სხვას, თუმცა ეს ხალხური მეთოდი მეტად სახიფათოა, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.
მისი თქმით, კარტოფილის ნახარშის ინჰალაციის სახით გამოყენებას ხშირად სდევს სასუნთქი გზების დამწვრობა.
„თქვენ რომ ხედავდეთ, ამ ცხელი ინჰალაციების შემდეგ სასუნთქი გზების დამწვრობით რამდენი ბავშვი ხვდება საავადმყოფოებში, თმა ყალყზე დაგიდგებოდათ“, — აცხადებს ექიმი საკუთარ YouTube-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
კომაროვსკის თქმით, მკურნალობის ეს მეთოდი არაეფექტურია, მედიცინას მათი ქმედითობა არ დაუდასტურებია და, შესაბამისად, ის უნდა აიკრძალოს ცივილიზებულ ქვეყანაში.
„მშობელი, რომელიც აიძულებს ბავშვს, ისუნთქოს ცხელი კარტოფილი, ან ფეხებს უორთქლავს მას, იმ მშობელს ჰგავს, რომელიც შვილს ქამრით სცემს. მე, როგორც ექიმი, გეუბნებით: ეს არაეფექტურია. მედიცინას არ დაუდასტურებია ამ მეთოდების ეფექტურობა. ამგვარი პროცედურები ძალიან სახიფათოა დამწვრობის კუთხით. ცივილიზებულ ქვეყნებში ეს უნდა აიკრძალოს“, — ამბობს კომაროვსკი.
მანამდე პედიატრმა დაასახელა სხვა ხალხური მეთოდები, რომლებიც მხოლოდ „გამოქვაბულში შუაცეცხლთან მიმჯდარმა პითეკანთროპმა“ შეიძლება გამოიყენოს. ევგენი კომაროვსკიმ ასევე ჩამოთვალა ათი წესი, თუ როგორ უნდა აარიდოთ თავი სეზონურ გრიპებსა და რესპირატორულ დაავადებას და იხსნათ შვილები ინფექციებისგან.