თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. დეკანოზ თადეოზ სარალიძეს საეკლესიო სასჯელად გარკვეული ვადით მონასტერში განწესება დაედო, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპატრიარქომ ინფორმაცია საზოგადოებაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე გაავრცელა.
„საზოგადოებაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაცნობებთ, რომ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს დაედო საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) მონასტერში განწესება გარკვეული ვადით“, – ნათქვამია განცხადებაში.
სკანდალი მღვდელმსახურის ირგვლივ მას შემდეგ აგორდა, რაც 24 იანვარს სოციალურ ქსელში დეკანოზის საკვირაო ქადაგების ვიდეო გავრცელდა. მასში ისმოდა ქსენოფობიური და „ქურდული სამყაროს“ იდეალიზაციის განცხადებები.
მაგრამ ყველაზე მტკივნეული საზოგადოებისთვის ქადაგების ის ნაწილი აღმოჩნდა, სადაც საუბარი იყო ბავშვებზე. დეკანოზის თქმით, „თუ ბავშვი პარაზიტია, მუდმივად ტელეფონში იყურება, არ ვარგა სპორტში, არ დადის ეკლესიაში, სჯობს, რომ პატარა ასაკშივე მოკვდეს და სამოთხეში მოხვდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს“.
მოგვიანებით დეკანოზმა მრევლსა და საქართველოს პატრიარქს შენდობა სთხოვა ქადაგებისთვის, რომელმაც საზოგადოებაში დაბნეულობა და აღშფოთება გამოიწვია.
მძიმე შინაარსის ქადაგება კრიტიკულად შეაფასეს ქართველი თეოლოგებმა. მათი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დეკანოზი სიძულვილის ენით ქადაგებს, და საპატრიარქო ეკლესიიდან მის განკვეთაზე უნდა დაფიქრდეს.