თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წელს მეორე სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომლის შედეგადაც ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ შეადგინა 3,2964 GEL/$1.
რეგულატორმა გასაყიდად გაიტანა 40 მილიონი დოლარი.
სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით, გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, 2021 წელს - ორი. გასულ წელს რეგულატორმა მთლიანობაში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა, წელს კი უკვე 80 მილიონი.
ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.
ეროვნულმა ბანკმა 28 იანვრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 3,2969 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 1 ოქტომბრიდან ქართული სავალუტო ბაზარი Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
მანამდე სებ–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად — მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და პროცენტულ განაკვეთებს.
სავალუტო აუქციონების გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკი, ჭარბი რყევების შესამცირებლად, ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ცდება, სებ–ი უცხოური ვალუტის ვაჭრობაში იღებს მონაწილეობას გარკვეული ოდენობის თანხით.
გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკი წელს ინტერვენციებისთვის ასევე გამოიყენებს ვალუტას რომელიც ქვეყანამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღო კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის შედეგების დასაძლევად.