აბაშიძე: საქართველო მზადაა რუსეთთან საზღვრის გახსნის საკითხზე იმსჯელოს

© photo: Sputnikზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ და რუსეთმა სახმელეთო საზღვარი გასული წლის მარტში ჩაკეტეს.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველო და რუსეთი სახმელეთო საზღვრის გახსნის საკითხზე მსჯელობას მას შემდეგ შეძლებენ, რაც ორივე ქვეყანაში ეპიდვითარება დარეგულირდება, განაცხადა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარიამ ჟენევის კონსულტაციებისა და რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებზე ისაუბრა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველომ ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით, განსაკუთრებული გამონაკლისის გარდა, 2020 წლის 16 მარტიდან შეწყვიტა. საზღვრის გადმოკვეთის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და ტრანზიტული ტვირთების გადამზიდავებს აქვთ. საქართველოში მოქმედი წესების თანახმად, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თანამემამულეები 12-დღიან კარანტინს გადიან. მკაცრ კონტროლს გადიან სატვირთოს მძღოლებიც.

„თუ  ეპიდვითარება დასტაბილურდება, ჩვენ საზღვრების გახსნის თაობაზე მსჯელობასაც შევძლებთ. საზღვარი პანდემიის გამო დაიკეტა და როგორც კი ვითარება საშუალებას მოგვცემს, ჩვენ კონკრეტული ნაბიჯების განხილვისთვის მზად ვართ. საზღვარი ორივე მხრიდან დაიკეტა, ქართულმა და რუსულმა მხარეებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. სხვა მიზეზი არ ყოფილა“, – განაცხადა აბაშიძემ.

დიპლომატის თქმით, რუსეთის მხრიდან საზღვრის გახსნის შესახებ წინადადება ჯერ არ ყოფილა.

როგორც აბაშიძემ განაცხადა, მარტის ბოლომდე გაიმართება მისი და რუსეთის ფედერაციის სენატორის გრიგორი კარასინის პირისპირ შეხვედრა, რომელიც პრაღის მოლაპარაკებებზე რუსეთს წარმოადგენს. 

კომპანია აეროფლოტის სამგზავრო თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
რუსეთმა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან შესაძლოა პანდემიის შემდეგ აღადგინოს

„ჩვენ ნოემბერში ონლაინ–შეხვედრა გავმართეთ და მაშინ ვთქვით, რომ შემდეგი შეხვედრა 2021 წლის პირველ კვარტალში გაიმართება. კონკრეტულ თარიღზე არ გვისაუბრია, თუმცა, ვფიქრობ, თებერვალში ან მარტში. დღის წესრიგში სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარული საკითხები იქნება. ვფიქრობ, იმ დროისათვის აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით კონკრეტული საკითხები გამოიკვეთება“, – განაცხადა აბაშიძემ.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიებისა და კარასინი–აბაშიძის მოლაპარაკებების ფარგლებშია შენარჩუნებული.

ჟენევაში მხარეები პოლიტიკურ პრობლემებს, პრაღაში კი სავაჭრო–ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ჰუმანიტარულ და ა.შ. საკითხებს განიხილავენ. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი 2013 წელს ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნა გახდა. მას შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები ყოველწლიურად უმჯობესდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0