თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. თურქმა მეცნიერებმა შექმნეს ნაზალური სპრეი, რომელიც, მათი მტკიცებით, ერთ წუთში ანადგურებს კორონავირუსს, წერს გაზეთი Daily Sabah.
Nasal spray "Genoxyn" developed by Turkish scientists kills coronavirus in a minutehttps://t.co/lfnYogwx2h
— DAILY SABAH (@DailySabah) January 25, 2021
სპრეი Genoxyn ულუდაგის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის კათედრის მეცნიერებმა — პროფესორმა შეჰიმე გულსუნ თემელმა, დოქტორებმა — აჰმეთ იუმით სანაბჯიმ და გიუნეით ოზაკინმა შეიმუშავეს.
სანაბჯის თქმით, კვლევები ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო.
„მანამდე ჩვენ დავადგინეთ, რომ პრეპარატს ანტიბაქტერიული თვისება ახასიათებს, ხოლო პანდემიის დაწყების შემდეგ დავფიქრდით, შეგვეძლო თუ არა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას წავდგომოდით. ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ სპრეი ვირუსს კლავს პირისა და ცხვირის ქსოვილებზე, რაც მის გავრცელებასა და გამრავლებას უშლის ხელს“, — განმარტა დოქტორმა.
პროფესორ გულსუნ თემელის თქმით, სპრეი ვირუსს ერთ წუთში ანადგურებს და ამასთან არ აზიანებს ლორწოვანა გარსებზე ეპითელურ უჯრედებს.
„უფრო მეტიც, ჩვენ დავადგინეთ, რომ ის სამკურნალო მოქმედებას ახდენს ამ უჯრედებზე. შესაბამისად, მისი გამოყენება უსაფრთხოა“, — თქვა მეცნიერმა.
თურქი მიკრობიოლოგების განმარტებით, მას შემდეგ, რაც პრეპარატი ნანოტექნოლოგიების მეშვეობით დახვეწეს და სრულყოფილი გახადეს, მისი ეფექტურობაც უფრო სტაბილური გახდა და მან გარკვეულ მოლეკულებზე ხანგრძლივი ზემოქმედება გამოავლინა.
მეცნიერები ირწმუნებიან, რომ სპრეი Genoxyn მაღალეფექტურია არა მხოლოდ СОVID-19-ის, არამედ სხვადასხვა ბაქტერიებისა და სოკოების წინააღმდეგაც.