ქსნისა და გლდანის ციხეებში კორონავირუსის 78 შემთხვევა დაფიქსირდა

გამოწერა
უწყების ცნობით, ამ დროისათვის ტესტირება ჩატარებულია 10 პენიტენციურ დაწესებულებაში – კორონავირუსი ჯამში 113 პატიმარს გამოუვლინდა.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. საქართველოს ორ დიდ პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული 4.157 PCR–ტესტიდან დადებითი პასუხი 78 შემთხვევაში დაფიქსირდა, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა ინტენსიურ ტესტირებას ახორციელებს. ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ყველა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში პატიმრების ტესტირება იანვრის ბოლომდე დასრულდება. ეპიდემიოლოგების კვლევის ობიექტს 9 ათასი ადამიანი წარმოადგენს.

პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის ბრალდებებს არ ეთანხმება>>>

ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე PCR–ტესტირება N8 (გლდანის) და N15 (ქსნის) პენიტენციური დაწესებულებების პატიმრებს ჩაუტარდათ.

კერძოდ, გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული 2.422 ტესტიდან დადებითი 38 აღმოჩნდა. მინისტრის განცხადებით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პირები სამოქალაქო სექტორის კლინიკაში არიან გადაყვანილი, უსიმპტომოები კი დაწესებულების საკარანტინო სივრცეში იზოლაციაში არიან მოთავსებული. 

კორონავირუსზე ტესტირება - Sputnik საქართველო
პენიტენციური სამსახური: PCR–ტესტირება ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდება

რაც შეეხება ქსნის N15 დაწესებულებას, დაწესებულებაში ჩატარებული 1.735 ტესტიდან დადებითი პასუხი 40 შემთხვევაში დაფიქსირდა – ყველა ინფიცირებული უსიმპტომოა და მათი ჰოსპიტალიზაცია არ განხორციელებულა.

„ამ ეტაპისთვის სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ინტენსიური ტესტირებების პროცესი ამ თვის ბოლომდე დასრულდება მთლიანად ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში“, – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებულ/მსჯავრდებულების ინტენსიური PCR–ტესტირება 2020 წლის დეკემბერში დაიწყო. რაც შეეხება ციხის თანამშრომლებს, ისინი სამუშაო ადგილებზე აღჭურვილი არიან პირბადით, ხელთათმანებითა და ბახილებით, მათ PCR–ტესტირება უტარდებათ კვირაში ერთხელ, ხოლო სწრაფი ტესტი – 72 საათში ერთხელ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მკაცრი შეზღუდვები დაავადების პრაქტიკულად პირველივე გამოვლენიდან მოქმედებს. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს 2021 წლის 31 იანვრამდე (ჩათვლით) შეუჩერდათ ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც მანამდე დაშვებული იყო.

ყველა ახალი ამბავი
0