თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. იანვრის ბოლომდე ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს PCR–ტესტირება ჩაუტარდებათ, განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ.
მისი განმარტებით, 2020 წლის მარტიდან გატარებული პრევენციული, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდ-ინფიცირების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. გასული წლის დეკემბრის ბოლოს კი უწყებამ ინტენსიური ტესტირების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
„ქალთა №5, ბათუმის №3 და არასრულწლოვანთა №11 დაწესებულებებში PCR–ტესტირება უკვე დასრულდა. აღნიშნული პენიტენციური დაწესებულებებიდან მხოლოდ ქალთა დაწესებულებაში დაფიქსირდა კორონავირუსის 23 შემთხვევა. კორონავირუსზე ტესტი 329 ქალ მსჯავრდებულს ჩაუტარდა“, – განაცხადა პატარიძემ.
მისი განმარტებით, ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ყველა მათგანი უსიმპტომო პაციენტია.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაში მოთავსებული 46 პატიმრიდან ოთხს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების ცნობით, 46 პატიმარს შორის, რომლებსაც PCR–ტესტირება ჩაუტარდათ, არიან როგორც საკარანტინო სივრცეში მყოფი ახალდაკავებული ბრალდებულები, ისე კლინიკის სპეციალიზებულ ნაწილში მყოფი, სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შედეგად გადაყვანილი მსჯავრდებულები. კოვიდ-ინციფირებულებია N15 პენიტენციური დაწესებულების ორი მსჯავრდებული, ერთი N17 და ერთი N8 დაწესებულების საკარანტინო სივრციდან კლინიკაში გადაყვანილი ახალდაკავებული ბრალდებული, რომელსაც N8 დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან კონტაქტი არ ჰქონია.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებულ/მსჯავრდებულების ინტენსიური PCR–ტესტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. რაც შეეხება ციხის თანამშრომლებს, ისინი სამუშაო ადგილებზე აღჭურვილი არიან პირბადით, ხელთათმანებითა და ბახილებით, მათ PCR–ტესტირება უტარდებათ კვირაში ერთხელ, ხოლო სწრაფი ტესტი – 72 საათში ერთხელ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მკაცრი შეზღუდვები დაავადების პრაქტიკულად პირველივე გამოვლენიდან მოქმედებს. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს 2021 წლის 31 იანვრამდე (ჩათვლით) შეუჩერდათ ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც მანამდე დაშვებული იყო.