თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. კორონავირუსით საქართველოში უფრო მეტად ქალები ინფიცირდებიან, ვიდრე მამაკაცები. ასეთია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეხუთე ანგარიშში „ერთი წელი COVID-19-თან ერთად“ წარმოდგენილი კვლევის შედეგები.
რა მოხდება მოსახლეობის 60 პროცენტის აცრის შემთხვევაში: ცერცვაძის განმარტება>>
ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი დაფიქსირდა ქალების 57% შემთხვევაში და, შესაბამისად, 43% – მამაკაცებში.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების პროცენტული მაჩვენებელი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირია:
ასაკი | ინფიცირებულების წილი |
0–14 | 7,4% |
15–24 | 10% |
25–34 | 18,7% |
35–44 | 17,6% |
45–54 | 15,2% |
55–64 | 15,8% |
65–74 | 10,5% |
75–84 | 4% |
85+ | 0,9% |
ინფიცირებულების რაოდენობის მხრივ ყველაზე „ცხელ“ წერტილებად ყოველ 100 ათას მოსახლეზე, 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, მიიჩნევიან აჭარა, თბილისი და იმერეთი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მარტში 15 კლინიკაში 1 620 საწოლის მობილიზება შეძლო, ასევე რეგიონებში 15 თერმოცენტრში დამატებით გამოიყო 1 050 საწოლი. დეკემბრის ბოლოს მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მობილიზებული იყო 82 კლინიკა 7 ათასზე მეტი საწოლით.
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით 2020 წლის 2 აპრილიდან შეიქმნა ონლაინ–კლინიკების პლატფორმა, რომელშიც თავდაპირველად ჩართული იყო 25 ონლაინ–კლინიკა, ხოლო წლის ბოლოს მათი რაოდენობა 65-მდე გაიზარდა. პაციენტებს დისტანციურად დაახლოებით 700 ექიმი მართავს. აპრილიდან წლის ბოლომდე ექიმებმა რეაგირება მოახდინეს 250 ათას ზარზე. ოჯახის ექიმების მეთვალყურეობით სახლში მკურნალობდა 132 232 პაციენტი.
ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე, პირველადი ჯანდაცვის რესურსის გაძლიერების მიზნით, ოქტომბრიდან ამუშავდა ონლაინ–კლინიკა 228 თანამშრომლით, რომლებიც ორი მიმართულებით მუშაობენ – ოჯახის ექიმების მუშაობის შემოწმება (რომლებიც ინფიცირებული პაციენტების სახლში მკურნალობას მართავენ) და ონლაინ–კლინიკების მუშაობის ხარისხის შემოწმება. 22 ოქტომბრიდან წლის ბოლომდე ცენტრალურმა ონლაინ–კლინიკამ დაახლოებით 28 ათას სიმპტომებიან პაციენტს გაუწია მეთვალყურეობა. მთლიანობაში განახორციელა დაახლოებით 112 ათასი ზარი. ონლაინ–კლინიკების ოპერატორების მომსახურების შემოწმების მიზნით 303 ათასი პაციენტი გამოიკითხა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 254 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 244 თასზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3 096.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.