საქართველოში ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადა, ისევე, როგორც მსოფლიო ოლიმპიადა, 1989 წლიდან იმართება. ოლიმპიადის ჩატარება განათლების სამინისტროს ინფორმატიკის მთავარმა ცენტრმა დაიწყო და ბატონი გიორგი მანდარია მასში პირველივე დღიდანაა ჩართული. ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს, რომელშიც ოთხი ძლიერი მოსწავლეა, ის 1990 წლიდან ხელმძღვანელობს. იმ წელს მეშვიდე გიმნაზიის მოსწავლემ გიორგი დათუაშვილმა, რომელიც საბჭოთა ნაკრებში მოხვდა, ინფორმატიკის მეორე მსოფლიო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი აიღო.
იქიდან მოყოლებული ჩვენი ყველა გამარჯვება ბატონი გიორგისა და მისი გუნდის სახელს უკავშირდება. ყოფილი ოლიმპიელები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას დიდ ცხოვრებაშიც იყენებენ. ამის დასტურია ის, რომ ბევრი მათგანი როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში ცნობილ წამყვან კომპანიებში მუშაობს, ან თავად არიან კომპანიის მფლობელები.
- ბატონო გიორგი, როგორია ჩვენი ქვეყნის წარმატების სტატისტიკა?
- საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადებში 1996 წლიდან მონაწილეობს. 2000 წელს პირველი მედალი მოვიპოვეთ და ამის შემდეგ მედლების გარეშე აღარ დავბრუნებულვართ. პირველი ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებს 2010 წელს ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ცოტნე ტაბიძემ მოუტანა. მეორე ოქროს მედალი 2014 წელს თბილისელი მოსწავლის ნიკოლოზ სვანიძის სახელთანაა დაკავშირებული (კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური 199-ე საჯარო სკოლა, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“). ევროპის ოლიმპიადებში 2015 წლიდან ჩავერთეთ. ამ წლების მანძილზე არაერთი გამარჯვება გვაქვს მოპოვებული. საბოლოო ჯამში მსოფლიოს და ევროპის ოლიმპიადებზე აღებული გვაქვს 14 ოქროს, 12 ვერცხლისა და 50 ბრინჯაოს მედალი.
- ასე რომ, მედლის გარეშე ფაქტობრივად არც ერთი ოლიმპიადიდან არ დავბრუნებულვართ?
- დიახ, სწორედ ასეა. ქართველი მოსწავლეები 2017 წელს ცენტრალური ევროპის ქვეყნების ოლიმპიადისა და სრულიად ევროპის პირველი ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩემპიონები გახდნენ. 2018 წელს იაპონიის მსოფლიო ოლიმპიადაზე ორი ოქროს მედალი მოვიპოვეთ და საქართველო 87 მონაწილე ქვეყნიდან მსოფლიოს რვა უძლიერეს ქვეყანას შორის მოხვდა. 2019 წელს მსოფლიო ოლიმპიადაზე ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს, სრულიად ევროპის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიადზე კი ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი დავიმსახურეთ. გასულ წელს რაც შეეხება, მსოფლიო ოლიმპიადაზე ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ. ჩვენი ქვეყანა კი 87-დან ისევ მსოფლიოს რვა უძლიერეს ქვეყანას შორის მოხვდა.
- შარშან საქართველომ ონლაინ უმასპინძლა ევროპის ოლიმპიადას...
- დიახ, 2020 წელს საქართველომ ევროპის მეოთხე ახალგაზრდულ ოლიმპიადას ონლაინ რეჟიმში უმასპინძლა, რაც საკმაოდ რთული იყო. თუმცა იმას, რომ ოლიმპიადა მაღალ დონეზე ჩავატარეთ, საერთაშორისო კომიტეტის წევრების, მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელების, თვით ოლიმპიადის პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი სამადლობელი წერილები ადასტურებს. ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა უზრუნველყვეს. ხოლო სამეცნიერო-თემატური უზრუნველყოფა, ჩვენთან ერთად, ყოფილი ოლიმპიელებით დაკომპლექტებულმა სამეცნიერო-ტექნიკურმა კომიტეტმა მოახდინა. ქართველი მოსწავლეები ამჯერადაც წარმატებით გამოვიდნენ. ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ. მომავალ წელს, პანდემიის პრობლემის მოხსნის შემთხვევაში, ევროპის მეხუთე ახალგაზრდულ ოლიმპიადას ისევ საქართველო უმასპინძლებს.
- თუ შეიძლება, რომ მკითხველს გამორჩეული მოსწავლეები გავაცნოთ...
- მოგახსენებთ. 2018 წელს ჩვენი ორი ოქროსმედალოსნიდან (ორივე კომაროვი, სასწავლო ცენტრი „მზიური“) ნიკოლოზ ბირკაძე 340 მონაწილიდან მსოფლიოს უძლიერეს ოთხეულში შევიდა, ხოლო გიორგი კლდიაშვილი მსოფლიოს 16 უძლიერეს მოსწავლეს შორის მოხვდა. საქართველო 87 მონაწილე ქვეყნიდან რვა უძლიერეს ქვეყანას შორის დასახელდა. წლევანდელი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის ოქროსმედალოსანი ლუკა მოსიაშვილი ევროპის უძლიერეს მოსწავლეთა ოთხეულში შევიდა. გარდა ამისა, გიორგი კლდიაშვილი (დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ყოფილი მოსწავლე, სასწავლო ცენტრი „მზიური“) 2017 წელს ცენტრალური ევროპის ქვეყნების ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. საქართველო კი მონაწილე ქვეყნების უძლიერეს სამეულში შევიდა. ნიკოლოზ ბირკაძემ საქართველოს ოლიმპიადების ისტორიაში თავისი ადგილი უკვე დაიმკვიდრა. ის პირველია, ვინც 15 წლის ასაკში მათემატიკისა და ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადებზე ვერცხლის მედლები მოიპოვა. მანამდე გიორგი კლდიაშვილს ჰქონდა მეცხრე კლასში ორივე ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლები მოპოვებული. გარდა ამისა, ნიკოლოზი 2017 წელს ევროპის პირველი ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. საბოლოოდ კი ის ბოლო ოთხი წლის მანძილზე მოპოვებული სამი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადების ყველა დროის უძლიერეს ოცეულში შევიდა.
- ამ სფეროში ბევრი ინიციატივა თქვენ სახელთანაა დაკავშირებული, მათგან მნიშვნელოვანი გაგვაცანით...
- ჩემ თანამოაზრეებთან ერთად 2008 წელს დავაფუძნე „საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია“, რომლის გამგეობის თავმჯომარეც გახლავართ. ეს ასოციაცია 2015 წლიდან განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულ ოლიმპიადებს საკუთარი ხარჯებით ატარებს. 2017 წელს დავაფუძნე ინფორმატიკის ოლიმპიადა OLYINFO, რომელსაც წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ვატარებ. ის განკუთვნილია იმ მოსწავლეების გამოსავლენად, რომლებსაც არ აქვთ სპეციალური მომზადება, არ იციან დაპროგრამება და ალგორითმები, მაგრამ გამოირჩევიან ლოგიკური აზროვნებით, რაც ამ სფეროში უცილებელია. ასევე, 2015 წელს დავაფუძნე საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის ოლიმპიადა, რომელსაც ყოველი წლის თებერვლის ბოლოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვატარებ უნივერსიტეტის ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერით.
- რითია გამოწვეული ის, რომ ოლიმპიადებზე ძირითადად საქართველოს ორი ქალაქის მოსწავლეები გამოდიან?
- დიახ, გეოგრაფიული არეალი, რომელსაც ვწვდებით, საკმაოდ ვიწროა, პრაქტიკულად, მარტო თბილისითა და ქუთაისით შემოიფარგლება. ეს ძირითადად ამ საგნის კვალიფიციური პედაგოგების სიმწირითაა გამოწვეული და იმითაც აიხსენება, რომ დღეს ჩვენს სკოლებში ინფორმატიკა არ ისწავლება. არადა, ეს საჭირო საგანი ალგორითმული აზროვნების ჩამოყალიბებასა და დაპროგრამების ელემენტების სწავლებას ითვალისწინებს. მეორე მხრივ, საქართველოს რეგიონებში ნიჭიერი ბავშვების დიდი პოტენციალია, რომელთა საინფორმაციო ტექნოლოგიებთან ზიარება და ამ სფეროთი დაინტერესება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში ძალიან დიდია კომაროვის სკოლის, ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური, ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლების, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრ „მზიურის“ როლი, სადაც ბავშვები პატარა ასაკიდან იწყებენ მეცადინეობას და სკოლის დამთავრებამდე აგრძელებენ.
- ამ სკოლების გარდა ქართველი მოსწავლეების მომზადებაში ვინ იღებს მონაწილეობას და ვინ აფინანსებს ოლიმპიადებზე მათ გამგზავრებას?
- საქართველოს ეროვნული ნაკრების მომზადებას და მსოფლიო თუ სხვა საერთაშორისო ოლიმპიადებზე მოსწავლეების გამგზავრებას განათლების სამინისტრო აფინანსებს. რაც შეეხება მათ მომზადებას, არ შემიძლია არ ვახსენო რამდენიმე პედაგოგი, რომელთა უანგარო და მრავალწლიანი თავდადებული შრომის შედეგია სწორედ ის წარმატებები, რომლითაც ასე ვამაყობთ. ჩვენ ერთად შევძელით არცთუ ისე დიდი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური ინფრასტრუქტურის შექმნა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გუნდი ქვეყანას მაღალი დონის ცოდნით აღჭურვილ მომავალ თაობას უზრდის. მინდა ეს პედაგოგები ჩამოგითვალოთ: თბილისიდან – ზაზა გამეზარდაშვილი, გურამ ქოთოლაშვილი და პაატა ჯავახიშვილი, ქუთაისიდან – ვახტანგ შეკიშვილი და მალხაზ ჯინჯიხაძე. ასევე ის ყოფილი ოლიმპიელები, რომლებიც თავის ცოდნას უზიარებენ მომავალ თაობას. საბედნიეროდ, ისინი უკვე არცთუ ისე ცოტა არიან და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ბევრი წარმატებული ყოფილი ოლიმპიელი ფინანსურადაც გვეხმარება.
- სწორედ მათ შესახებ მინდა გკითხოთ, დღეს სად სწავლობენ ან რას საქმიანობენ წარმატებული ოლიმპიელები?
- ოლიმპიადებზე მიღებული ცოდნა-გამოცდილება დიდ ცხოვრებაშიც წარმატების საწინდარი ხდება ხოლმე, რაც განსაკუთრებით მახარებს. ჩვენი ოლიმპიელები დღეს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ. ხოლო ვინც დაამთავრა სწავლა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში ისეთ წამყვან კომპანიებში მუშაობენ, როგორიცაა Google, Facebook, Quora, Dropbox, Vmware და სხვ. ზოგიც საკუთარი კომპანიის მფლობელია. იმედია, თუ მომავალში ხელშეწყობა იქნება, საერთაშორისო ინტელექტუალურ ასპარეზზე საქართველო კიდევ არაერთხელ იტყვის თავის სიტყვას.